ბათუმის ნავსადგურის მულტიმოდალური ტერმინალი სრული დატვირთვით ამუშავდა
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი სრული დატვირთვით ამუშავდა. რეგიონული მასშტაბის პროექტი, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთებს საქართველოს გავლით ევროპულ ბაზართან აკავშირებს. მულტიმოდალური ტერმინალი, რომელიც 25 მილიონი დოლარის ინვესტიციით განხორციელდა, ამერიკული კორპორაცია „ტრამოსა“ და კომპანია „ვონდერნეტ ინვესტმენტ გრუპის“ პროექტია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა განუცხადა, ტერმინალი რამდენიმე თვეა 100%-იანი დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის ყოველთვიურად 80 ათას ტონამდე ტვირთს ატარებს. ძირითადი მიმართულება ევროპა და სამხრეთ ამერიკაა.
„ჩვენ ვმუშაობთ სასუქებზე. ძირითადი ტვირთი, რაც გვაქვს ახლა ტერმინალში არის კარბამიდი, ანუ შარდოვანა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ტერმინალი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მშრალი ტვირთი ყველაზე დიდ გემზე დატვირთა. ჩვენ 45 ათას ტონაზე მეტის დატვირთვა შევძელით,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ მამუკა მურჯიკნელმა.
მისივე თქმით, ცენტრალურ აზიაში წარმოებული მინერალური სასუქების გადაზიდვაზე მოთხოვნა წლიურად 3-დან 5 მილიონ ტონას აღწევს. დახლოებით 3 მილიონ ტონამდე ტვირთი საქართველოს დერეფნის გავლით გადაიზიდება, ხოლო უშუალოდ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი წლის ბოლომდე მილიონ ნახევრამდე ტონა ტვირთის გატარებას გეგმავს.