ბიზნესი
31/08/2021

"ბათუმი რივიერა" 2022 წელს აღარ გაიხსნება

პანდემიამ „ბათუმი რივიერას“ პროექტის დასრულების ვადა დააკორექტირა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის ხელმძღანელმა გოგა კაპანაძემ განუცხადა, ამ დროისთვის პროექტის განხორციელება შეჩერებულია, სამშენებლო სამუშაოები არ განახლებულა.

„პროექტის დასრულება 2022 წელს გვქონდა დაანონსებული, თუმცა ამ პერიოდში შესაძლოა მშენებლობა განახლდეს, ახლა ეს რეალობა გვაქვს. „ბათუმი რივეირა“ დაწყებიდან 3 წელიწადში დასრულდება.

ასეთი მსხვილი პროექტის განხორციელებისას გათვლილია გაყიდვები, ბიზნეს გეგმა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი შესრულების წინაპირობას ვერ ვხედავთ. ამიტომ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, სამუშოებიც განახლდება,“ - აცხადებს კაპანაძე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარ ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკის განაშენიანება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი.

„სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანდშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტ კლუბის ტერიტორია.

„ბათუმი რივიერა“ 15 სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მოიცავს 284 ბინას. პირველ და ბოლო სართულებზე განთავსდება 40 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო. იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობაც.

"ბათუმი რივიერას“ მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.

Businesspartner