"ბარამბოს" 11.25%-იანი წილი აუქციონზე ₾1.52 მლნ-ად იყიდება
„ბარამბოს“ 11.25%-იანი წილი აუქციონზე იყიდება.
შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაში ნიკოლოზ შაქარაშვილის კუთვნილი წილი გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიტანა. საწყისი ფასი 1 516 472 ლარია, მაშინ როდესაც, ექსპერტის მიერ წილის ღირებულება 2.02 მლნ ლარად არის შეფასებული. აუქციონი 22 თებერვალს უნდა დასრულდეს.
„ბარამბოს“ მაჟორიტარი აქციონერი - 66.25%-იანი წილის მფლობელი მარი ჩოჩელია, დარჩენილი 22.5% უჩა კაპანაძეს ეკუთვნის. შაქარაშვილის წილი კი, 2013 წლიდან დაყადაღებულია.
2021 წლის 14 მაისს, კომპანიამ სასამართლოს მიმართა ნიკოლოზ შაქარიშვილის კომპანიის მფლობელთა სიიდან გარიცხვის თაობაზე, რაც 2020 წლის ბოლოსთვის დაკმაყოფილდა კიდეც.
შაქარაშვილი ჩოჩელების ოჯახთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაშია მეწილე. თუმცა 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ მათ შორის უთანხმოებები არსებობდა.
„ბარამბო“ ბაზარზეა 2009 წლიდან. როგორ დაასრულა 2021 წელი კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება ჯერ არ გაუსაჯაროებია. 2020 წლის მონაცემებით კომპანია 71.6 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა. პანდემიურ წელს ამონაგები 44.5 მლნ ლარი იყო, წმინდა ზარალი კი, 4.4 მლნ აღემატებოდა.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა შოკოლადების, კარამელის კანფეტებისა და ნაყინის წარმოებაა. პროდუქტი იყიდება როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზარზე - ევროპასა და აზიაში.