ბიზნესი
08/07/2022

BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები სებ-ის პრეზიდენტს და ბანკის მენეჯმენტს შეხვდნენ

მონეტარული პოლიტიკა, ეროვნულ თუ უცხოურ ვალუტაში სესხების ზრდის ტენდენციები, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის და ბანკის მენეჯმენტის შეხვედრის მთავარი საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკაზე, რომელიც, მისი აზრით, ის აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის მოსათოკად იყენებს. ამასთან, ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა დოლარიზაციის მაღალი დონის ნეგატიურ ეფექტებსა და დე-დოლარიზაციის პოლიტიკაზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნული ბანკის მენეჯმენტს გააცნო ბიზნესის კონსოლიდირებული მოსაზრებები, განწყობები და მოლოდინები, რომელიც BAG ინდექსის ფორმატში გამოკითხვის შემდეგ კვარტალურად ქვეყნდება. შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ლარის კურსის გამყარების ტენდენციებზე და სესხების გაცემის ზრდის დინამიკაზე, რაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგია. ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფინანსებზე წვდომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნეს აქტივობას და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომაც, ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება ფინანსებზე წვდომა შეაფერხოს ან გააძვიროს საკრედიტო სახსრები უარყოფითად იქნება ასახული ბიზნესზე და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე.

„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები. ჩვენ მივაწოდეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ბანკის მენეჯმენტს ბიზნესის კონსოლიდირებული მოსაზრებები მიმდინარე მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაკროეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რასაც, თავის მხრივ, რამოდენიმე ახსნა აქვს, მათ შორის: პირველი, პოსტ-პანდემიურ ფაზაში, ეკონომიკის გახსნის შემდეგ მოსალოდნელი იყო ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები, მეორე, ძალიან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები ტრანსფერების გზით და ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლები. ხაზგასასმელია ასევე მიგრანტების როლი, რომელთა მხრიდანაც დამატებითი მოთხოვნა პროდუქტებსა თუ სხვადასხვა სერვისებზე ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტების გააქტიურებას და მათი გაყიდვების ზრდას.

ჩვენ მუდმივად აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რადგან მონეტარულ პოლიტიკას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბიზნესზე და შესაბამისად ეკონომიკაზე. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ბიზნეს ინტერესების ადვოკატირებას, რითიც ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნის ბიზნესის განვითარებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკის ზრდას”, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.