ბიზნესი
27/06/2022

BAG ინდექსი: უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა  2022 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნებულია. კერძოდ, ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დადებითად შეფასდა როგორც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისე მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი. შესაბამისად, დადებითი შეფასება აისახა ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელზეც, რომელმაც 38.4 ქულა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა, ხოლო თავად BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.

სექტორული შეფასებიდან გამოსაყოფია მრეწველობა, სადაც მიღებული შედეგი წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია არსებული მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითად შეფასების გამო, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ კომპანიების პრობლემების ასახვაა, რომელთა წარმოებული პროდუქციის სამიზნე ბაზრებად უკრაინა და რუსეთი განიხილებოდა. რაც შეეხება ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებს, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში გაუმჯობესებულია როგორც ბიზნეს კლიმატის, ისე მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება მომდევნო კვარტლის მოლოდინებს, საზოგადოდ, შეფასებები დადებითია, თუმცა მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში განსახილველი მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია გარკვეულწილად შენელებულია, რაც, ძირითადად, ამ სექტორებში გამოკითხული კომპანიების ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზით არის გამოწვეული. კერძოდ, ამ სექტორებში კომპანიები მესამე კვარტალში გასაყიდი პროდუქციის ფასების ზრდას პროგნოზირებენ, რამაც თავის მხრივ, გაყიდვების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

აქვე გამოსაყოფია ვაჭრობის სექტორი, რომელსაც  მომდევნო 6 თვეში ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ზემოხსენებულს, შესაძლოა განაპირობებდეს გაყიდვების ზრდის მოლოდინი მომდევნო კვარტალში, რომელსაც კომპანიათა 69% აფიქსირებს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მოლოდინი გაცილებით ოპტიმისტურია წინა კვარტლებთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე კვარტალში ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა 3.4 ქულით გადააჭარბა კოვიდპანდემიამდე (2019 წლის IV კვრტ.) არსებულ მაჩვენებელს და ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (56.5 ქულა).  

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.