BAG ინდექსი: ინვესტიციების ზრდასთან ერთად სპეციალისტების ნაკლებობა და სამუშაო ძალის დეფიციტი იგრძნობა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, სპეციალისტების და სამუშაო ძალის დეფიციტი სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად იგრძნობა. 2021 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული სპეციალისტების ნაკლებობის მაჩვენებელი 21%-ით, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას, ბიზნესის 60% აღნიშნული ფაქტორს მთავარ გამოწვევად ასახელებს. 2022 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი 7% პუნქტით არის გაზრდილი.
ასევე, ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით გაორმაგებულია იმ კომპანიების წილი, რომლებსაც ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ მომდევნო 6 თვეში.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.
სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მწვავე პრობლემას მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებისთვის წარმოადგენს. კერძოდ, 71%-მდე და 70%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მესამე კვარტალში ზემოხსენებული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.
სამუშაო ძალის ნაკლებობას ასევე, ყველაზე მწვავედ მშენებლობის სექტორი ასახელებს. გასულ კვარტალთან შედარებით, 30%-დან 71%-მდე გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი, რაც საკმაოდ საგულისხმო მონაცემია.
მთლიანობაში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 56% საუბრობს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია BAG ინდექსის ისტორიაში: 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული, აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად 70%-80%-ის ფარგლებში მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.