ბიზნესი
06/10/2022

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის მზარდი დინამიკა მესამე კვარტალშიც ნარჩუნდება

BAG ინდექსის 2022 წლის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 28.1 ქულა შეადგინა, რაც დადებით დინამიკასა და ბიზნესის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

აღნიშნული კვლევის თანახმად, მშენებლობის სექტორში წინა ორ კვარტალში მკვეთრად გაუარესებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მესამე კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი 12.7 ქულით გაუმჯობესდა და გაუტოლდა 2019 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს.

საგულისხმოა, ასევე, მომსახურების სექტორი, რომელიც დასაქმების მიმართულებით მზარდ დინამიკას 2021 წლის მეოთხე კვარტლიდან ინარჩუნებს.

დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის გაუმჯობესება ორივე სექტორში შესაძლოა,  უკავშირდებოდეს ამ სექტორებში  არსებულ ოპტიმისტურ მოლოდინს გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებს, დასაქმების მაჩვენებელი მესამე კვარტალში შემცირდა. განსაკუთრებით გაუარესდა მაჩვენებელი მრეწველობის სექტორში (20 ქულით), რაც სავარაუდოდ, გამოწვეულია არა კომპანიების საჭიროებით, არამედ შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტით.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის გაუმჯობესება განპირობებულია ყველა სექტორში გაზრდილი მოთხოვნით, რაც თავის მხრივ, წარმოქმნის კადრების რაოდენობის ზრდის საჭიროებას.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მესამე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.