აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვამ ტელევიზიებს შემოსავალი შეუმცირა
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვამ ქართულ ტელევიზიებსა და რადიოებს შემოსავალი წლიურად 4 მლნ ლარით შეუმცირა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა.
აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაცია ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. რეგულაციის ამოქმედებამდე კი აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 67.4% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი 21.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 66.1% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 22.1% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-თაა გაზრდილი.