ბიზნესი
02/07/2021

ავტოტესტი: ადმინისტრირების გაუმჯობესებამ ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა გაზარდა

„ავტოტესტის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, მიმდინარე წელს ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაუმჯობესებელია. ვაჟა იორდანიშვილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ავტომფლობელთა 70-80% გამოცხადდება ტექინსპექტირების პუნქტებში.

„2020 წელს ავტომობილების 55%-მა მიაკითხა ტექინსპექტირების ცენტრებს. კარგია, რომ 2021 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა, რაც დაკავშირებულია ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ აპრილი-მაისი მაინც გარკვეული ჩავარდნა იყო. ველოდებით, რომ ივლისიდან ავტომფლობელები უფრო გააქტიურდებიან და გასული წლის 55%-იანი მაჩვენებელი შეიძლება ავიდეს 70-80%-ზე, რაც ტრანსპორტის გამართულობის და ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ - აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.

2021 წლის სამ თვეში 364 000-მდე სატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირება განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 249 000-მდე ავტომობილმა მოთხოვნები დააკმაყოფილა, 114 000-მდე დახარვეზდა, 1 200-მდე ავტომობილს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

რაც შეეხება 2019-2020 წლების სტატისტიკას: გასულ წელს თითქმის განახევრდა იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებმაც ტექინსპექტირების ცენტრებს ტექნიკური ინსპექტირებისთვის მიმართა. საერთო ჯამში კი 2020 წელს ინსპექტირება 525 471-მა ავტომობილმა გაიარა. 2019-ში კი ეს მაჩვენებელი 968 868 ერთეული იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტომობილთა სავალდებულო ტექინსპექტირება მთლიან ავტოპარკზე 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდა.

Businesspartner