ავტონაწილები შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს - იმპორტიორი კომპანია autopia
ავტონაწილების იმპორტიორი კომპანიები პროდუქტზე ფასების მატებას აანონსებენ. როგორც Autopia-ს დამფუძნებელმა ირაკლი არჩვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტირებისა და ეროვნული ვალუტის გაძვირება ფასებზე უახლოეს პერიოდში აისახება.
„ჩვენი პროდუქციის 100 პროცენტი არის იმპორტირებული. ტრანსპორტირების ხარჯები უკვე 4-5-ჯერ გაიზარდა. თუ ადრე აზიის ქვეყნებიდან ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ვიხდიდით 1400-1500 დოლარს, დღევადელი ფასი უკვე 6 500 დოლარია. ამას დაემთხვა დოლართან მიმართებაში აზიური ვალუტების გამყარებაც. აზიურ ბაზრებზე პროდუქცია გაძვირდა 7-10 პროცენტით, თუ ეს პროცესი შენარჩუნდა და გაგრძელდა ავტონაწილები მინიმუმ 20%-ით გაძვირდება.“-აღნიშნა ირაკლი არჩვაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანია ფასების შენარჩუნებას დღესაც მარაგების ხარჯზე ახერხებს. თუმცა, კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 65-70%-ით არის შემცირებული.
„ჩვენ ისევ და ისევ ჩვენი მარაგების ხარჯზე ფასები არ გაგვიზრდია, დღევანდელი ჩვენი ბრუნვები 65-70%-ით არის შემცირებული. იმ ბრუნვების მესამედი გვაქვს, რაც პანდემიამდე გვქონდა. საზღვრების დაკეტვამ და ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ ჩვენზეც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა მოახდინა. „-აღნიშნა Autopia-ს დამფუძნებელმა.