"აწარმოე საქართველოში" ბიზნესიდეების მიღებას იწყება
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად “აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღებას იწყებს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარია, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს - კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%.
პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს. თუმცა პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიცირები და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარები.