ასოციაცია: ცემენტის 357 ნიმუშიდან 63% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების აკრედიტებულ ლაბორატორიებში ცემენტის 357 ნიმუშის ტესტირება განხორციელდა.
დაახლოებით ერთი მესამედი (37%) აკმაყოფილებს ან აჭარბებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს (EN197-1 და EN413). საგანგაშოა, რომ სამოცდასამმა პროცენტმა (63%) ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები - რაც დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ მოტყუებული რჩებიან როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ფასის თვალსაზრისით.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ სტატისტიკა მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
2021 წლის განმავლობაში მე-10 და მე-11 ფარული ტესტირებისთვის შეფუთული ცემენტის ტომრები თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და აგარაში შეიძინეს. შემოწმებული 58 ნიმუშიდან ორმოცდაოთხი (44) წარმოებულია თოთხმეტი (14) ადგილობრივი კომპანიის მიერ და თოთხმეტი (14) კი, ოთხი (4) თურქული კომპანიის მიერ. ოთხი (4) ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომრებზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
შემოწმებული ორმოცდათვრამეტი (58) ნიმუშიდან ოცდათერთმეტმა (31) - 53% - ვერ დააკმაყოფილა შეფუთვებზე დატანილი ხარისხის სტანდარტი. ამ ნიმუშების თითქმის ნახევარმა (14) კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა) აჩვენა. საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და შესაბამისად ასეთ შედეგებს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს სამშენებლო სექტორში.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, 2021 წლის შედეგები კვლავ ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სეზონის პიკის პირობებში ბაზარზე ხელმისაწვდომია არასტანდარტული და კრიტიკულად დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, გაზრდილი ოდენობით.
- საქართველოს ესაჭიროება ხარისხიანი სამშენებლო მასალა სამართლიანი ფასით.
- მომხმარებელი მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს, რომ ასეთი პროდუქციის შეძენისას მას არ ატყუებენ.
- მთავრობამ პროაქტიულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის შესრულება და მომხმარებელთა უსაფრთხოება.
"საქართველოს ცემენტის ასოციაციის მისიაა წაახალისოს საქართველოში ცემენტის ყველა მწარმოებელი, აწარმოონ პროდუქცია, რომელიც შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ ხარისხს და ამით უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა ქართველი მომხმარებლისთვის.
ერთმა ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მოითხოვა საქართველოს ცემენტის ასოციაციაში გაწევრიანება და მათი პროდუქციის შესაფასებლად ყოველთვიური ფარული ტესტირების პროცედურა მალე დაიწყება.
საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ცემენტისა და სამშენებლო მასალების სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ცემენტის ასოციაცია ყველანაირად მხარს დაუჭერს ამ ინიციატივებს. კვლევის დეტალური შედეგები, მათ შორის კომპანიების სახელები დამათ შესახებ ინფორმაცია, გადაეგზავნება პასუხისმგებელ უწყებებს - მათი მოთხოვნის საფუძველზე - შემდგომი ქმედებების უზრუნველსაყოფად.
იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს სამშენებლო მასალების ჯანსაღი სექტორი, რომელიც მდგრადად უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას, საქართველოს ცემენტის ასოციაცია ასევე ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებას, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს; გარემოსდაცვითი, ეტიკეტირებისა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების თანაბარ უზრუნველყოფას ყველა მწარმოებლის შემთხვევაში; და მოცემული სექტორის ეკონომიკური ეფექტურობის გასაზრდელად,"-აცხადებენ ასოციაციაში.