ბიზნესი
09/07/2021

ასოციაცია: წამლებზე ფასის შემცირების რესურსი ყოველთვის არის

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გამყარება მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

როგორც ირაკლი მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წამლები საშუალოდ 10-15%-ით გაიაფდება.

„ფასების შემცირების რესურსი ყოველთვის არის. ჯერ დავიწყოთ იმით რომ ეროვნული ვალუტა მყარდება. ერთ თვეზე მეტია ეს ტენდენცია გრძელდება, საბედნიეროდ. ეს კი კომპანიებს, რომლებიც ცოტა გრძელვადიანად უყურებენ პროცესებს, საშუალებას აძლევს, ენდონ ამ პროცესებს, არსებულ კურსს და დაიწყონ ფასების დაწევა. ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა. ამასთან, ბოლო პერიოდში გაცილებით მეტია ტრანსპორტირებისა და მოწოდების საშუალებები. რაც ასევე ფასზე დადებითად მოქმედებს. უამრავმა კომპანიამ აღადგინა ფრენა, საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა. შესაბამისად, მოლოდინი არის რომ ფასების დაწევის რესურსი არსებობს.“-განმარტა ირაკლი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად იქცნენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წამლებზე მაღალი ფასის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.

“იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს. უნდა აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს, ერთხელ და სამუდამოდ, ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება. მნიშვნელოვანია გადაიდგას უფრო თამამი ნაბიჯები და ეს არ იქნება დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი მსგავსად არის რეგულირებული, გამჭვირვალობა და ხარისხზე კონტროლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

Businesspartner