ბიზნესი
07/03/2022

ასოციაცია: ქართული რძის პროდუქტები რუსეთის ბაზარზე არ შევა

რუსეთის მხრიდან ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნას საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში პროვოკაციად აფასებენ.

ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია დაძაბულია და რუსეთს ემბარგო აქვს დაწესებული დასავლეთის მხრიდან, ხსნის ბაზარს და სურს სხვადასხვა ქვეყანა ჩართოს ეკონომიკურ  ბრძოლაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, პროვოკაციაა. 

„სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებები აბარიათ, წლების განმავლობაში მუშაობენ, რომ საერთაშორისო საექსპორტო ბაზრები ქართული პროდუქციისთვის ღია იყოს. მათ შორის, 2020 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოლაპარაკების პროცესი რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან, რომ ეს ბაზრები გახსნილიყო. ეს ასე სწრაფად არავინ ელოდა რუსული ბაზრის გახსნას. რუსეთის მხრიდან ახლა ეს ფაქტობრივად, პროვოკაციულ ქმედებას გავს, რადგან სანქციებიდან და ემბარგოებიდან გამომდინარე, თვითონ გაჭირვებულ მდგომარეობაშია,“ - აცხადებს კონიაშვილი.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ  არა ასოციაციის წევრი 57  კომპანია რუსეთში რძის პროდუქტების  ექსპორტს,  ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არცერთი ეს კომპანია რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას არ აპირებს.

„ჯერ ერთი, გასატანი ნამდვილად არ გვაქვს და ამ ვითარებიდან  გამომდინარე, ფიქრიც კი   არავის უნდა, რომ ქართული პროდუქცია რუსეთში გავიდეს,“ - აცხადებს კონიაშვილი.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ბაზარზე უკრაინიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით რძის პროდუქტების იმპორტი ხორციელდება, ხომ არ შეიქმნება ბაზარზე დეფიციტი და რა მოლოდინი არსებობს ამასთან დაკავშირებით, კონიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში შემოდიოდა ისეთი რძემჟავა პროდუქტები, როგორიცაა არაჟანი, სპრედი, იოგურტი, თუმცა, ამას საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი არ ეჭირა. ამ რეალობიდან გამომდინარე, კომპანიებს მოუწევთ სხვა ბაზრების მოძიება, რათა ის პროდუქცია რაც უკრაინიდან შემოდიოდა, სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციით ჩანაცვლდეს.

„ადგილობრივ ბაზარზე რძემჟავა პროდუქციის ძირიტადი ნაწილი მაინც ქართული იყიდება. შესაბამისად, უკრაინიდან იმპორტირებულის წილი დიდი არ არის. რუსეთიდან იმპორტიც არ ხორციელდებოდა. რუსეთზე ამ თვალსაზრისით დამოკიდებული არ ვყოფილვართ. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ საქართველოდა რძის პროდუტქების ექსპორტი არც რუსეთში და არც უკრაუინაში არ ხორციელდებოდა და არც ახლა ხორციელდება,“ - აცხადებს კონიაშვილი.

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელ 15 კომპანიას რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა აქვს. იქვე ნათქვამი იყო, რომ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან. აღნიშნულ შესაძლებლობას დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართულმა კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს, პასუხი კი, რამდენიმე დღის წინ იყო. საუბარია რუსეთის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტების გატანაზე.