აშშ-ის ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში Vinexpo America 23 ქართული კომპანია მონაწილეობს
9-10 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo America იმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს.
ეს არის ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
„ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, ქართველი მწარმოებლებისთვის ეს გამოფენა კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და მომხმარებლების მოსაძიებლად. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო.