არჩილ ჯაყელი: ახალი პროექტების დაწყება ამ ეტაპზე არ მიღირს
პანდემიის პარალელურად, დეველოპერული სექტორი ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.
როგორც დეველოპერული კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სიტუაცია დეველოპერულ სექტორში მიმზიდველი არ არის. მეტიც არსებობს რისკი, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა ახალი პროექტები ვეღარ დაიწყონ.
„სერიოზული სირთულეები იყო, ამას დაემატა გაძვირებული სამშენებლო მასალები, წამყვანი მაინც არმატურაა. მშენებელს გაეზარდა ხარჯი, ამას კი ბინის ფასში ვეღარ დებს. მაგალითისთვის, დიდ დიღომში 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 600-700 დოლარი გახდა. ეს კი ტრანზაქციების რაოდენობას ამცირებს. პატარა სამშენებლო კომპანიას არ აქვს იმის რესურსი, რომ პროექტი დაასრულოს და გაყიდვა შემდეგ დაიწყოს, შესაბამისად, თუ მის უკან სერიოზული ფინანსური რესურსი არ დგას, ახალ პროექტს ვერ დაიწყებს. მეც არ მიღირს ახლის დაწყება, ამ ეტაპზე მაინც", - აცხადებს ჯაყელი.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიას 2 მიმდინარე პროექტი აქვს, რომელსაც უახლოეს 2 თვეში დაასრულებს. ჯაყელი აცხადებს, რომ ახალ პროექტებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება.