ბიზნესი
08/12/2020

“არავინ ფიქრობს ჩვენზე,ჰგონიათ, ონლაინ გაყიდვები გადაგვარჩენს“ - Hauck-ი

საქართველოში გერმანული კომპანია  Hauck-ის  წარმომადგენელი მალხაზ სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“აცხადებს, რომ კომპანიის წლიური ბრუნვა 35%–ით შემცირდა.

„ახალი შეზღუდვების გამო მაღაზიები დაკეტილი გვაქვს. საცალო გაყიდვებს მივეკუთვნებით.ზარალია ისიც, რომ ოპერირებას აქტიურად ვეღარ ვახერხებთ. ონლაინ გაყიდვებზე ვართ გადასული,თუმცა, შემოსავალი აქაც 70%–ითაა შემცირებული.ისეთი ნივთი, როგორიცაა ბავშვის ეტლი, საწოლი და სხვა აქსესუარები, მომხმარებელს ურჩევნია ნახოს და ისე შეიძინოს, ონალინ უჭირთ მსგავსი პროდუქტის შერჩევა.

ყოველდღიური ეკონომიკური რყევები ძალიან ცუდად აისახება ჩვენს საქმიანობაზე. კომპანია დამოკიდებულია ევროს კურსზე, ამიტომ ფასებმა მოიმატა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდხანს ვცდილობდით  მოგების ხარჯზე არ გაგვეზარდა პროდუქციის ღირებულება, სამწუხაროდ, ბიზნესი ვეღარ შეძლებდა ამის გადატანას და ოქტომბრიდან პროდუქცის გაძვირება მოგვიწია.“–აღნიშნავს მალხაზ სამხარაძე.

მისი განცხადებით, Hauck-ი  თანამშრომლების განვითარებისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად როგორც ფინანსურ, ასევე ადამინურ რესურსს ხარჯვს. სამხარაძის განცხადებით, კარგი კადრი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ ასეთი მკაცრი შეზღუდვები გაგრძელდა,კომპანია მათ შენარჩუნებას  ვერ მოახერხებს.  ამჟამად კომპანია საქართველოში 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი (წერეთელზე და თბილისი მოლში)  და ჯამში 18 ადამიანის დამსაქმებელია.

„სესხის გადავადების პროგრამით პირველ ლოქდაუნის დროს ვისარგებლეთ. პანდემია საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკმაოდ ცუდად შეგვეხო.მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები არ გვქონია, არავინ ფიქრობს ჩვენზე და ჰგონიათ, რომ ონლაინ გაყიდვები გადაგვარჩენს. შეიძლება ზარალი არ გვქონდეს, თუმცა, არც მოგება გვექნება. რაც შეეხება სიახლეებს, არასტაბილური გარემოს გამო 1 წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვან პროექტს ვერ დავგეგმავთ.“– აღნიშნავს მაღაზიათა ქსელი Hauck-ის  წარმომადგენელი მალხაზ სამხარაძე.

გერმანული კომპანია Hauck-ი 95 წელია საბავშვო პროდუქცას აწარმოებს,  რომელიც მზადდება ანტიალერგიული მასალებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ესენია: ეტლები, სკამ მაგიდები, მანეჟები და სხვა. ბრენდი 50 ქვეყანაში იყიდება, საქართველოში კი 2007 წლიდან  შპს „გი&ნი“ წარმოადგენს. ამ ეტაპზე კომპანია, საქართველოში 3 გერმანულ ბრენდს  - Hauck-ის, Altabebe-ს და Osann–ს აერთიანებს.

შეგახსენებთ,მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ოქტომბრიდან  სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

Businesspartner