ბიზნესი
11/02/2021

არაფორმალური განათლება და პანდემია - "ლეტერატო" COVID-ის პირობებში

არაფორმალური განათლების სივრცე „ლეტერატოს“ დამფუძნებელი თამარ რაზმაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიამ მოთხოვნა შეამცირა, ისევე, როგორც ყველა სექტორში.

„სწრაფად მოგვიხდა ონლაინ სისტემაზე გადასვლა, არ ვართ დიდი ინსტიტუტი და შესაბამისად ეს დროულად მოვახერხეთ. არის გამოწვევბი, პანდემიამ არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნა შეამცირა, რაც ბუნებრივია ასეთ ვითარებაში. თუმცა, ჩვენი მოსწავლეები სტაბილურად მოგვყვებიან და ნორმალურად მიმდინარეობს სწავლების პროცესი.

დეკემბრამდე ვმუშაობდით ყველანაირი წესების და რეგულაციების დაცვით. კლასში  დაახლოებით 10 ბავშვია, ამის მიუხედავად ვიცავდით დიტანციას, თერმოსკრინინგს და სხვა რეგულციებს. ამ თვალსაზრისით ბარიერი არ არსებობს. ახლა, განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ გავიხსნათ და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. ბაშვებისგან და მშობლებისგანაც არის მოთხოვნა. გამოკითხვის სტადიაში ვართ და მათთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას,“– აღნიშნავს თამარ რაზმაძე. 

„ლეტერატო“ ახალი მოსწავლეების მიღებას და გაფართოებას ჯერ არ გეგმავს, რადგან სტაბილიზაციის რეჟიმშია. რაზმაძის თქმით, ყველა კურსი ონლაინ  რეჟიმში ტარდება, გარდა ხელოვნების კურსისა, რადგან რეგულაციების დაცვის შემთხვევაშიც კი საფრთხის შემცველია, ბევრი მასალაა, რომელსაც ხელით დამუშავება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ არაფორმალური განათლების სივრცე „ლეტერატო“, სპეციალური პროგრამებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიფართოონ თვალსაწიერი, აიმაღლონ ერუდიცია და ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების, საკითხისადამი შემოქმედებითი ჭვრეტის და ინოვაციების შექმნის უნარები.