ბიზნესი
20/04/2022

APM Terminals: საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს

APM Terminals ფოთი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

კომპანია პარლამენტს კანონპროექტის შეჩერებისა და უკან გახმობისკენ მოუწოდებს. ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დოკუმენტი მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე. კომპანია შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები. 

"აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზების ხელშეკრულებებით, ასევე, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კანონპროექტს შემოაქვს ახალი რეგულაციები შესასვლელ არხთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის. ასევე, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები, ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლაპატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი მოლო (Breakwater) - ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკუთრებაში არსებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად",- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

APM Terminals-ის გენერალური დირექტორის თქმით, კანონმდებლებმა აღნიშნულ ინიციატივას უნდა გადახედონ, რათა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დამატებითი საფრთხე არ შეექმნას. 

"ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას მსოფლიოსთან დააკავშირებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით. ამასთანავე, ვისწრაფვით გავხდეთ მთავარი კარიბჭე და მივაწოდოთ მსოფლიო დონის სერვისები ჩვენს მომხმარებლებს, და წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ რათა საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს,” – ამბობს კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ დაინტერესებულ მხარეებს კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესში არც გარე ექსპერტები იყვნენ ჩართულები. 

"კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნესოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა, სინამდვილეში კი შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის, როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას. კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიისთვის შემოსავალის მიღების შესაძლებლობას, რომელიც გარანტირებული იყო პრივატიზების ხელშეკრულებებით, თუმცა უტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, სტანდარტების შესაბამისად შეინარჩუნოს ტალღმჭრელი მოლო
და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები პორტის ყველა მომხმარებლისა და ოპერატორის სასარგებლოდ. ინვესტორების უფლებამოსილებების დაბალანსებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, საფრთხეში აგდებს ამჟამად არსებულ უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს ნავსადგურში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან დისბალანსზე, რაც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულებით გარანტირებულ უფლებებსა და მოვალეობებს შორის იქმნება. ეიპიემ ტერმინალს ფოთი მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყოველთვის უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ინფრსტრუქტურაზე წვდომას თავისუფალ და თანაბარ პირობებში; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეიპიემ ტერმინალსის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში ნავსადგურის დახურვის წლიური დღეები 120-დან 20-მდე შემცირდა, რაც ცალსახად მიუთითებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე მუდმივ ზრუნვასა და განვითარებაზე, როგორც ეს პრივატიზების ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული",- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნაოსნობასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა. ცვლილებას "საქართველოს საზღვაო კოდექსი" ითვალისწინებს. 

დღესდღეობით შავ ზღვაზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურებია: ბათუმის, ფოთის, სუფსის და ყულევის. საქართველო საზღვაო ქვეყანაა და აღნიშნული უდიდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს მას. 

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველოს ნავსადგურების ფუნქციების გაზრდა და მათი გადაქცევა ლოგისტიკურ ცენტრებად, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ტრანზიტული ტვირთების მომსახურების მიმართულებით. 

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავსადგურები აქტიურ როლს ასრულებენ საქართველოს საზღვაო გადაზიდვებში და საზღვაო სავაჭრო კავშირის განვითარებაში მსოფლიოს ქვეყნებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ერთ ნავსადგურში შესაძლოა არსებობდეს/ფუნქციონირებდეს რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სანავსადგურე ერთეული.

სანავსადგურე ერთეულებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ხელშესაწყობად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს ობიექტური, დაბალანსებული და გამჭვირვალე მიდგომა კერძო საკუთრებაში არსებულ სანავსადგურე ერთეულებთან მიმართებაში", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ძირითადი არსია, განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობები ნავსადგურის შესასვლელ არხთან მიმართებაში და სააგენტოს
უფლებამოსილება. 

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე.

ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ არხზე სანავსადგურე ერთეულებს ექნებათ თანაბარი უფლება და წვდომა.

ასევე, დადგინდება ვალდებულებები სანავსადგურე ერთეულების მიმართ, კერძოდ, არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ ექნება უფლება მეორე სანავსადგურე ერთეულში შემსვლელ და გამსვლელ გემებს, დაუწესოს შემოსასვლელი არხით სარგებლობის საზღვაური ან რაიმე სხვა სანავსადგურე საზღაური.

საერთო შესასვლელ არხში / შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.

საერთო შესასვლელი არხის / შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. ხარჯის განაწილების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება სამხედრო და სახელმწიფო ან სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი გემები.

კანონპროექტით გათვალისწინებულია სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხის გამოყენების საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

სააგენტო არ იქნება პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო თავის უფლებამოსიელებას განახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით, ამასთან, სააგენტოს არ ექნება უფლება აღნიშნული ფუნქციის განხორციელება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან მის ურთიერთდამოკიდებულ პირს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი.

Businesspartner