ბიზნესი
11/05/2022

"ანტრემ" ლონდონში მეორე ფილიალი გახსნა

რესტორანების და საცხობების ქსელმა „ანტრე“  ლონდონში მეორე ფილიალი გახსნა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული ფილიალის (ბრუტონის N35)  გახსნაში 350 000 ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა. დასაქმდა 5 ადამიანი. როგორც მიქაუტაძე აცხადებს, მიმდინარე წლის ზაფხულში, „ანტრე“  ლონდონშ მესამე ფილიალს გახსნის.

„ვაპირებთ აქტიურ ექსპანსიას, შესაბამისად, ლონდონის სხვადასხვა უბნებში ფილიალებს აუცილებლად დავამატებთ. დიდი სიხარულით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ანტრე“ ძალიან აქტიურად და წარმატებით მუშაობს თავისი ახალი ფორმატით, სადაც აქცენტირება უფრო ქართულ პროდუქციაზეა გაკეთებული,“ - აცხადებს მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, ,„ანტრე"  საქართველოში 14 ფილიალის მფლობელია.

კომპანიის კვების ობიექტი ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138-შიც არის წარმოდგენილი. „ანტრე“ რამდენიმე რესტორანს ფლობს ბაქოშიც.