ანტი-მეკობრული ცენტრი: საავტორო უფლებების დამრღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდება
მეკობრულ ვებ-გვერდებზე კანონის ამოქმედებიდან 6 თვეა გასული, თუმცა, მომხმარებლები აღნიშნული პლატფორმებიდან მაინც ახერხებენ ფილმების ყურებას.
ამ თემაზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საქართველოს „ანტი-მეკობრული ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ბეჟაშვილმა ისაუბრა.
ბეჟაშვილის ინფორმაციით, მეკობრული ვებ-გვერდები „საქართველოს ანტი-მეკობრულმა ცენტრმა“ არაერთხელ გააფრთხილა, ამის პარალელურად ისინი მუშაობენ კერძო და საჯარო უწყებებთან, რომ კოორდინირებულად, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული სამართალდამცავების ჩართულობით მეკობრული ვებ-გვერდების სრულად გაუქმება დაიწყონ.
„ უშუალოდ პასუხისმგებელ პირები 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შეიძლება დაექვემდებარონ. ჩვენ ვმუშაობთ არაერთი მიმართულებით, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდეს და ისეთი ტიპის სანქციები იყოს საავტორო უფლებების დარღვევისათვის, რომ დამრღვევს ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაიმე კანონდარღვევის განხორციელება აღარ უღირდეს,“ - აცხადებს „ საქართველოს ანტი-მეკობრული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ბეჟაშვილის ცნობით, თუ ადრე ერთი და ორი დიდი მეკობრული ვებ-გვერდი ოპერირებდა, რომელსაც ყველა უყურებდა, ახლა ალბათ ათი პატარა ვებ-გვერდი ფუნქციონირებს, რომელსაც იმის მეათედი მოხმარებაც აღარ აქვს, რაც ადრე იმ ერთ და ორ დიდ მეკობრულ ვებ-გვერდს ჰქონდა. მისი თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ ლეგალური ვებ-გვერდების წახალისებაზე. როგორც ლეგალური პლატფორმების შექმნაზე, ასევე უცხოური პლატფორმების შემოსვლაზე ქვეყანაში.
„ამ რეგულაციების ამოქმედებამდე, საქართველო ითვლებოდა მეკობრეობის ჰაბად, რაც სამწუხარო მესიჯი იყო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მას შემდეგ, რაც მეკობრეობის წინააღმდეგ პირველი ეტაპი დავიწყეთ, რომელიც გულისხმობდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, უკვე გაჩნდა აზრი, ინფორმაცია, რომ ეს მეკობრული ვებ-გვერდები იყო. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ამ ვებ-გვერდებზე წვდომის შეზღუდვა. მთელი ინტერნეტ ინდუსტრიის შემოსავლის 100% გენერირდებოდა მეკობრულ ვებ-გვერდებზე. წვდომის შეზღუდვამ 80%-ით მოხმარების შემცირება განაპირობა.
ჩვენი სამიზნე ზოგადად მეკობრული ინდუსტრიაა და არა ქართული ქართული ვებ-გვერდები. ამიტომ ყოველკვირეულად არაერთი მეკობრული ვებ-გვერდის დაბლოკვა ხდება, რომ არ მოხდეს გარკვეული ინვესტიციების გადინება საზღვარგარეთ არსებულ მეკობრულ ვებ-გვერდებზე,“ – აცხადებს ზურაბ ბეჟაშვილი.
მისი მტკიცებით, ისინი მუშაობენ ერთის მხრივ სანქციების გამკაცრებაზე, ხოლო მეორეს მხრივ არსებული რეგულაციების სისრულეში მოყვანასა და აღსრულებაზე. ისინი აქტიურად მუშაობენ ლეგალური პლატფორმების წახალისებაზე, რომელიც ქათული ლეგალური პლატფორმების შექმნას და უცხოური პლატფორმების საქართველოში შემოსვლას გულისხმობს, რაზეც ამჟამად უკვე დიდი მოთხოვნაა.
შეგახსენებთ, 2022 წლის აგვისტოში მიღებული რეგულაციების შედეგად, მეკობრული ვებ-გვერდები გაითიშა, რომლის მიზანი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა იყო.
ამის პარარელურად, 2022 წლის 15 აგვისტოს ამუშავდა Cavea+, რომელიც მომხმარებელს წარუდგა, როგორც პირველი ქართული ლეგალური ონლაინ კინოთეატრი.
აგვისტოში ბეჟაშვილი აცხადებდა, რომ ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საავტორო უფლებებია.
„კანონმდებლობის კუთხით ჩვენი კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ სრულად ჰარმონიზებული არის ბერნისა და რომის კონვენციებთან, კანონი საკმაოდ კარგი გვაქვს, თუმცა წლების განმავლობაში კვლავ იდგა ქვეყანაში აღსრულების პრობლემები. ეს უმეტესწილად განპირობებული არის ინტერნეტის სწრაფ განვითარებასთან, ინტერნეტთან ერთად კი ასევე სწრაფად განვითარდნენ ონლაინმეკობრეები საქართველოში. ამან ფაქტობრივად გაანადგურა ეს სფერო, აზრი დაუკარგა ფილმის გადაღებას და არაკონკურენტუნაირიანი გახადა ლეგალური ბიზნესების კეთება,“-აცხადებდა ბეჟაშვილი.