ბიზნესი
23/04/2021

AnnaGlow – ქართული ბრენდი, რომელიც ლეგენდით შთაგონებულ ორიგინალურ ბეჭდებს ქმნის

ანა სტურუა-მელიქიშვილი სამკაულებს 2016 წლიდან ამზადებს და ახლა უკვე ორი ბრენდის მფლობელია, Dots & Dashes, რომელიც ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია და მთავარი პროდუქტი მორზეს კოდით დაშიფრული სამაჯურებია, მეორე Anna Glow ბაზარზე 1 წელია გამოჩნდა და მომხმარებლებს ორიგინალურ ბეჭდებს სთავაზობს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი CBW–სთან ამბობს, ბეჭდების დამზადების იდეა სპონტანურად მოუვიდა.

"ბავშვობაში ზღვის სანაპიროზე ყოველთვის ვეძებდი გახვრეტილ ქვებს, ასეთი ლეგენდა არსებობს, რომ გახვრეტილ ქვას ბედნიერება მოაქვსო. AnnaGlow–ს ბეჭდების პირველი კოლექციის შთაგონებაც ეს ლეგენდა გახდა. დავამზადე ცოტა უცნაური ფორმის ბეჭდები, რომელიც სწორედ სანაპიროს ქვას მივამსგავსეთ და გავუკეთე ნახვრეტი, რომელიც ძალიან ბევრი ფერადი და ბრჭყვიალა მასალის მოსარგებად გამოვიყენე.

ამ ეტაპზე მხოლოდ ვერცხლზე ვმუშაობთ და ბეჭდები მზადდება ხელით. ინდივიდუალური შეკვეთის საფუძველზე შეგვიძლია დიზაინში დეტალების ცვლილებაც. ყველაზე რთული საქართველოში სასურველი მასალების მოძიება აღმოჩნდა, ამიტომ რამდენიმე წლიანი გამოცდილებით ვისწავლე, როგორ ვაქციო სხვადასხვა ნივთი ჩემთვის საჭირო მასალად და გამოვიყენო ბეჭდების დამზადებისას,“– აღნიშნავს, ანა სტურუა–მელიქიშვილი.

მისივე თქმით, ორივე ბრენდის ამუშავებაში ყველაზე დიდი როლი სოციალურ ქსელს აქვს. სწორედ ინსტაგრამისა და ფეისბუქის მეშვეობით დაიწყო გაყიდვები და დღემდე ასე გრძელდება. კომპანიის სურვილია მაღაზიის გახსნა, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა.

ბეჭდის შექმნის პროცესი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე Dots & Dashes–ის სამაჯურების. "ჯერ ვხატავ დიზაინს, ვამზადებთ ბეჭდების გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ ეს გამზადებული ვარიანტები გამოგვაქვს გასაყიდად. შთაგონება ყოველთვის სხვადასხვა წყაროდან მოდის, ზოგჯერ ისეთი უცნაური სიტუაციიდან სულ რომ არ ველი. ყოფილა შემთხვევები, რომ ძალიან დაღლილი დავწოლილვარ, თვალი დამიხუჭავს და უცებ წამიერად სამკაულის დიზაინი დამინახავს.

რაც შეეხება პანდემიას, როგორც ყველა სხვა ბიზნესზე, ჩვენზეც იქონია გავლენა. შეკვეთების რაოდენობამ გაცილებით იკლო, თუმცა მინიმალური რაოდენობა მაინც შენრჩუნდა. ჩვენი პროდუქცია არ არის ძალიან ძვირადღირებული, შესაბამისად, ადამიანები მაინც აძლევენ თავს უფლებას გაუკეთონ ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ შევინარჩუნოთ და მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები,“ – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.