ბიზნესი
04/01/2022

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო გამარტივებულ შესყიდვებში წელს ₾1 მლნ-ს დახარჯავს

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ წელს გამარტივებულ შესყიდვებში 1 მლნ ლარს დახარჯავს. სააგენტომ თანხმობა უკვე მიიღო.

სააგენტო აცხადებს, რომ სხვადასხვა ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნისა და გამოცდილების შესყიდვა.

როგორც ჩანს პროექტში ისევ რჩებიან  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები  Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. სწორედ მათთან გაგრძელდება თანამშრომლობა 2022 წელსაც.

რაზე დაიხარჯება კონკრეტულად მოთხოვნილი 1 მლნ დოკუმენტებში ნათქვამი არ არის. თანხა 2022 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს.

„ვინაიდან  არა გვაქვს ერთი კონკრეტული შესყიდვის ობიექტი და მათი წინასწარი იდენტიფიცირება, დაგეგმა და ელექტრონული ტენდერით შესყიდვა შეუძლებელია, ვინაიდან შესყიდვის ობიექტი დამოკიდებულია სხვასხვა ფაქტორთან, რა კონკრეტული კვლევა თუ გარემოება იქნება შესაფასებელი, რა კუთხით და რა მოცულობით, რაც შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ იქნება წინასწარ ცნობილი იმ ვადებში, რაც დადგენილია სატენდერო პროცედურების გონივრული ჩატარებისთვის“, - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

როდის უნდა ველოდოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალ ინტერესთა გამოხატვას ასევე უცნობია. წინა ინვესტორებთან საერთაშორისო არბირტაჟში 2 დავა მიმდინარეობს.