"ანაგი" "ჯი თი სი თრეიდინგის" 50%-იან წილს ყიდულობს
კომპანია „ანაგის" მიერ „ჯი თი სი თრეიდინგის" 50%-იანი წილს ყიდულობს.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამშენებლო სექტორში წილის შეძენაზე თანხმობა უკვე გასცა.
სააგენტოს შეფასებით, მხარეები სხვადასხვა ბაზრებზე მოქმედებენ და განხორციელებულ კონცენტრაციას შესაბამისი ბაზრების კონცენტრაციის ინდექსზე გავლენა არ აქვს, ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ორ კომპანიას შორის კონცენტრაცია სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა. ეკონომიკურმა აგენტებმა სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განახორციელეს. შემძენ კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა.
კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება გაერთიანება (კონცენტრაცია), თუ ორი კომპანიის ერთობლივი ბრუნვა, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და თითოეულის არანკლებ 5 მლნ. ლარია.
სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანება გულისხმობს 5%-მდე საჯარიმო სანქციას შემსყიდველის მიმართ. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება შემძენ ან კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს ეკისრება.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 4221 კონცენტრაცია. კონკუნრეციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე(შერწყმა) გასცა თანხმობა. ერთი საკითხი ეხებოდა სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი - სამშენებლო სექტორს.