ანა საბახტარიშვილი: საქართველოში მშენებლობა საბჭოური სტანდარტებით მიმდინარეობს
დღეს საქართველოში მშენებლობა მიმდინარეობს იმ სტანდარტებით, რომელიც ფაქტობრივად ძველ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას წარმოადგენს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა საბახტარიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სექტორში ახალი, ეროვნული სტანდარტები არ არის განსაზღვრული.
საბახტარიშვილი მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სექტორის განვითარების სტრატეგია.
"სამწუხაროდ, ხედვა, თუ სად მიდის დღეს სამშებელო სექტორი, რა არის ძირითადი გამოწვევები და როგორ უნდა დაიძლიოს ის, არ არსებობს. შესაბამისად, თითოეული კომპანიის წარმატება, მენეჯერების პირად უნარებზეა დამოკიდებული", - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
საბახტარიშვილი აღნიშნავს, რომ ვერანაირი მენეჯერული უნარით ვერ შეძლებს კომპანია დაძლიოს გამოწვევა, თუ არ არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა.
„გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, იგივე DCFTA-ს ფარგლებში ადაპტირება მოვახდინოთ და გამოვიყენოთ ევროპული სტანდარტები, საუბარია ჰარმონიზებულ, ტექნიკურ ნორმებზე, ევროკოდებზე.
ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებულია, თუმცა, ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ალბათ მეტი რესურსის ჩადებაა საჭირო და უფრო მაღალ დონეზე ყურდღების მიქცევა,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.
მისივე განცხადებით, სექტორში მაგალითად კრიტიკას ვერ უძლებს ხარჯთაღრიცხვების სისტემა, მისი შედგენა ძალიან ცუდი პრაქტიკით ხდება, რომელიც მიუღებელია ევროპაში.