ამცირებენ თუ არა კომპანიები მარკეტინგულ ბიუჯეტს კოვიდკრიზისის დროს
პანდემია ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტზე ნეგატიურად აისახა. კომპანიებმა დაიწყეს ხარჯების დაზოგვა და პრიორიტეტული მიმართულებების დივერსიფიცირება.
რა გავლენა აქვს პანდემიას კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტზე და რა გათვლებით უხდებათ კერძო კომპანიებს როგორც მიმდინარე წლის, ისე მომავალი წლის ბიუჯეტების დაგეგმვა, ამის გარკვევა „ბიზნესპარტნიორმა“ სცადა.
„აჭარა ჯგუფში“ განმარტავენ, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემო მტკივნეულია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის.
მათი ინფორმაციით, ბიზნესებს, ხშირად, უმოკლეს დროში უწევთ სრულიად ახალ რეალობასთან მორგება.
„კრიზისის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც კომპანიები უშვებენ, არის მარკეტინგული ბიუჯეტის შემცირება. შესაბამისად, 2021 წლისთვის „აჭარა ჯგუფში“ სარეკლამო ბიუჯეტი არ შეგვიმცირებია, თუმცა, აქტიურად დავიწყეთ საკომუნიკაციო არხების ადაპტირება ახალ გარემოსთან.
კერძოდ, მეტად გავაქტიურდით ციფრულ მედიაში, ვმუშაობთ პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებების დახვეწასა და ისეთი აქტივობების შემუშავებაზე, რომლებიც ჩვენს სტუმრებს პოსტ-პანდემიურ პერიოდს გაუმარტივებს,“ - აღნიშნავენ „აჭარა ჯგუფში“.
რაც შეეხება 2021 წელს, კომპანიაში განმარტავენ, რომ პანდემიური პერიოდი „აჭარა ჯგუფისთვის“, ისევე როგორც ყველა ბიზნესისთვის, გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა, ეს პერიოდი ახალ იდეების შემუშავებას და მათ დაგეგმვას დაეთმო.
მათი ინფორმაციით, კომპანიის კორპორაციული მმართველობის სტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა რამდენიმე პროექტზე პარალელურ რეჟიმში მოხდეს მუშაობა.
„მოხარული ვართ, რომ 2021 წელს არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი. წელს ფუნქციონირება დაიწყო ჩვენმა ახალმა ობიექტმა "შუქურა", რომელიც უკვე ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია აჭარაში. 2022 წლისთვის ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რაც არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შემცირდეს მარკეტინგული აქტივობები. ჩვენი დაწესებულებები ადაპტირდა კოვიდ-რეგულაციების მიხედვით, შესაბამისად, არ ვაპირებთ დაველოდოთ პანდემიის დასრულებას და ვფიქრობთ, რომ არსებულ რეალობას უნდა მოვერგოთ და მუდმივად შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს სიახლეები“-აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.
კომპანია "დიოს" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიფრაშვილი განმარტავს, რომ კომპანიაში მარკეტინგული ბიუჯეტისა და აქტივობების კალენდარი 2022 წლის დასაწყისში დაიგეგმება.
რაც შეეხება 2021 წელს, კომპანიაში გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ადაპტირება და აქტივობების გადახედვა მოხდა.
„2021 წელი კომპანიისთვის საიუბილეოა, რადგან მნიშვნელოვან თარიღს - ბაზარზე ყოფნის 25 წელს ვზეიმობთ. რომ არა პანდემია, ცხადია სულ სხვანაირი იქნებოდა აქტივობები ჩვენს პარტნიორებსა და ერთგულ დამკვეთებთან ერთად. თუმცა გვახარებს ის, რომ შევძელით მარკეტინგული კამპანიის სახელად "დიო – 25 წელი ერთად" განგვეხორციელებინა,“ - აცხადებს სიფრაშვილი.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათ ქსელი „ბეკოს“ ხელმძღვანელი მეჰმედ მელექის ინფორმაციით, სარეკლამო ბიუჯეტი საკმაოდ ბევრმა კომპანიამ შეამცირა, თუმცა, „ბეკო“ ამ მიმართულებით ხარჯების დაზოგვას არ აპირებს. მეტიც, როგორც მელექი აცხადებს, 2022 წლისთვის „ბეკო“ მარკეტინგულ ხარჯს მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდის კიდეც.