ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილ შტაბბინას მრავალფუნქციური კომპლექსი ჩაანაცვლებს
IG Development-ი „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული ობიექტის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფციისთვის არქიტექტურულ კომპანიას კონკურსის წესით შეარჩევს.
შენობა,რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა იყო. ობიექტი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი, ახლა კი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
როგორც რითეილ ბაზრის ლიდერ IG Development-ის შვილობილი კომპანიის Sity Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,გამარჯვებული კომპანია,რომელიც კომპლექსის კონცეფციას წარმოადგენს, ივლისში გამოვლინდება.
ტოგონიძის განმარტებით, პროექტში აქცენტი რეკრეაციული სივრცის მოწყობას მიენიჭება.. საწყის ეტაპზე კომპანია პროექტში 120 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კითხვაზე,როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო პროცესი,ტოგონიძე აცხადებს,რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მშენებლობის დაწყება სწრაფი ტემპებით ვერ მოხდება. დასამუშავებელია განაშენიანების რეგულირების გეგმა, შემდგომ კი - არქიტექტურული პროექტი.
„საკმაოდ დიდი კვანძია და სწორი გადაწყვეტები უნდა იყოს, რადგან ერთი მხრივ, ქალაქისთვის „ლენდმარკი“ გახდეს და მეორე მხრივ, იმ კონკრეტულ ადგილებში ზედმეტი ინტენსივობა არ გამოიწვიოს. იმის შემდეგ, რაც ჩამოყალიბებულები ვიქნებით კონცეფციაზე, შემდგომ დაიწყება არქიტექტურული პროექტის შემუშავება და ბოლოს მუნიციპალიტეტში შეთანხმების პროცედურა.
გვინდა, რომ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები მზად რამდენიმე თვეში გვქონდეს, ამიტომ კონკრეტული ვადის დასახელება გამიჭირდება. უშუალოდ მშენებლობის პროცესი წლის განმავლობაში სავარაუდოდ ვერ დაიწყება,“ - აცხადებს ტოგონიძე.
მისი განცხადებით, სწორედ კონცეფციის არსებობის შედეგად გაირკვევა დაინგრევა თუ შენარჩუნდება არსებული შენობა.
„თუ იქნება ვარიანტი, რომ არსებული შენობა შენარჩუნდეს, მაგაზე ვიფიქრებთ, მაგრამ ვინაიდან ის ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების სიმბოლოა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაშლა უფრო ძვირი დაგვიჯდება და ახლის აშენება, ალბათ უფრო დაშლისკენ წავალთ. ამ ეტაპზე მაგაზე საუბარი ნაადრევია,“ - აცხადებს ტოგონიძე.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.