ბიზნესი
16/12/2020

AMBIENCE: ხელნაკეთ შოკოლადზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა

სახლის აქსესუარების და სასაჩუქრე ნივთების მაღაზია Ambience–მა დაახლლოებით 1 თვეა რაც ხელნაკეთი შოკოლადის დამზადება დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი მაიკო ჯიმშელეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შოკოლადზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.

„საახალწლოდ მომხმარებლებს, ნაძვის ხის სათამაშოებისა და სხვა აქსესუარების გარდა ხელნაკეთი შოკოლადის 10-მდე სახეობა შევთავაზეთ, შავი შოკოლადი, მარწყვი და წიწაკა, ჟოლო და ფისტა, რძიანი შოკოლადი თხილით დ ა.შ. რომელსაც მე და შეფი დავით ტურაშვილი ვამზადებთ.  უკვე 100კგზე მეტი შოკოლადი ვაწარმოეთ. ასევე, რამდენიმე მსხვილი კომპანიისგან გვაქვს კორპორატიული შეკვეთები. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და იანვრის შემდეგ ახალ გემოებზე და განვითარებაზე ვიფიქრებთ.

კაკაოს მარცვლის შემოტანა და მისი დამუშავება, გემოს დასმა, ძალიან რთული პროცესია, ძვირი ჯდება და მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას მსოფლიოში წამყვან ბრენდებს. ამიტომ ვენდობით პრემიუმ ხაზის უცხოურ  მწარმოებლებს, რომლებიც ბელგიურ, იტალიურ, ფრანგულ შოკოლადს აწარმოებენ.ჩამოგვაქვს მათი ნედლეული, ვამუშავებთ, რომელიც გარკვეულ დროს და დამუშავების ტექნიკას მოითხოვს, ვამატებთ ნატურალურ ეთერზეთებს, არომატებს და ასე ვქმნით განსხვავებულ გემოებს. ნელ–ნელა საქარღველოში ვითარდება ეს სფერო, გაჩნდა მცირე ზომის მაღაზიები, რომლებიც  შოკოლადს აწარმოებენ.“– აღნიშნავს მაიკო ჯიმშელეიშვილი.

ახალი შეზღუდვების გამო Ambience–მა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. კომპანიის პროდუქცია გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე და ყველა წამყვანი ევროპული ბრენდის პროდუქციას აერთიანებს.  მაიკო ჯიმშელეიშვილოს განცხადებით, გაყიდვების საერთო მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა, მაღალ საფასო კატეგორიაზე მოთხოვნა შენარჩუნებულია.

„წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაყიდვები შემცირებულია. ამის გათვლა გვქონდა და ამიტომ კოლექციაც შედარებით მცირე რაოდენობით შემოვიტანეთ. ზარალი არის, თუმცა, ჯერ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. პანდემიის პერიოდში პროდუქციის ჩამოტანის მხრივ პრობლემა არ შექმნილა.

ონლაინ გაყიდვებმა გარკვეულწილად დააკომპენსირა მაღაზიის გაყიდვები, თუმცა, ბევრს უჭირს პროდუქტის ფაქტურის, ზომის აღქმა ფოტოს საშუალებით, ამიტომ ვცდილობთ ყველანაირად სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს, თანამშრომლები კი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რადგან ერთი ოჯახის პრინციპით ვმუშაობთ.“– აღნიშნა Ambience–ის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს. მათ შორის,  დროებით დაიხურა სავაჭრო ცენტრები (მოლები) და არასასურსათო მაღაზიები. 

Businesspartner