ბიზნესი
13/04/2022

"ამბასადორის" დაკვეთით, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კვლევები მიმდინარეობს

„ამბასადორი ჯგუფმა“ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ზღვის ფსკერის გეოლოგიური კვლევები დაიწყო. კვლევების დასრულების შემდეგ „ამბასადორი ბათუმი აილენდის" პროექტზე სამშენებლო და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე (გრგ) მუშაობა დაიწყება.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია და ბათუმის ზღვისპირის სივრცეში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" „ამბასადორი ჯგუფში“ განუცხადეს, პროექტზე, ნაპირსმაგრ სამუშაოებზე და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დაცვაზე  საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები იმუშავებენ. 

ნახევარკუნძულებზე გათვალისწინებულია კასკადური განაშენიანების საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსები საზოგადოებრივი პლაჟებით, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეებით, აკვაპარკით.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ზღვის ფსკერის გეოლოგიურ კვლევას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დაკვეთით საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Zemin Teknik-ი ახორციელებს.

როგორც „ამბასადორი ჯგუფში“ აცხადებენ, Zemin Teknik-ის საბურღი გემი ბათუმში 21 თებერვალს შემოვიდა. კომპანია ხელოვნური კუნძულის ადგილას  შესაბამის ექსპერიმენტებს ატარებს და ნიადაგის ძირითად ნიმუშებს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ გეოლოგიურ კვლევებამდე ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევები საერთაშორისო კომპანია Yüksel Proje-მ,ბათიმეტრიული სამუშაოები კი KORDIL SURVEYING & ENGINEERING LTD. CO-მ ჩაატარა. 

კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ არსებული საზოგადოებრივი პლაჟის სიგრძე, მდინარე “ბარცხანიდან” „თამარის“ დასახლების სანაპიროს ჩათვლით დღეისათვის შეადგენს 1,7 კმ-ს. წარმოდგენილი პროექტით ეს მაჩვენებელი ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე, იზრდება ორჯერ და  3,6 კმ-ს შეადგენს.

„ამბასადორი ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ აჭარის სანაპიროზე ეს ყველაზე წყალმარჩხი, ტალღებისგან დაცული და ნაპირების მორფოდინამიკის მხრივ გამორჩეულად სტაბილური ადგილია.