Amazon-ზე ქართული ტყავი გაიყიდება
Amazon-ზე, ქართული წარმოების ტყავის ნაკეთობებთან ერთად, მალე, როგორც ნედლეული ქართული ტყავი, რულონებად გაიყიდება.
დარგი, რომელშიც საქართველო წლების წინ საკმაოდ წარმატებული იყო, დღეს ბევრი გამოწვევის წინაშეა, რაც დროთა განმავლობაში, ქართული ტყავის ხარისხზე ნეგატიურად აისახა, თუმცა, ქვეყანაში არიან მეწარმეები, რომლებიც ინდივიდუალურად ცდილობენ, საქართველოში ნედლი ტყავის წარმოება აღადგინონ, იმპორტირებული ტყავი ჩაანაცვლონ და პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანონ.
„ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ტერმიტის“ დამფუძნებლები მიხეილ ბერძენიშვილი და ლადო ჩალაური ამბობენ, რომ ქვეყანაში ტყავის წარმოება და წარმოებული ტყავის ხარისხი წლიდან-წლამდე მცირდება, რაც მეწარმეებისთვის ხარჯების ზრდით არის განპირობებული.
„იქიდან გამომდინარე, რომ ხარჯები გაეზარდათ მეწარმეებს, ცდილობდნენ რაღაცნაირად დივერსიფიცირება მოეხდინათ თავიანთი ხარჯების, მოუწიათ ტყავის ქიმიკატებზე ეკონომიის გაკეთება, შესაბამისად, იკლო ხარისხმაც. ამის გამოსწორებას ვცდილობთ წლებია და ვფიქრობ, რაღაც ეტაპი უკვე დაიწყო, რომ ქართული არ ნიშნავდეს უხარისხოს. ქართულ ტყავს ადამიანი რომ იგებდა, არ აინტერესებდა რას სთავაზობდი, ავტომატურად, უარზე იყო. ახლა ქართულ ტყავზე შეიცვალა აზრი, წარმოებული პროდუქცია გადის ამერიკაში, made in Georgia აწერია“, - აღნიშნა მიხეილ ბერძენიშვილმა. მისივე განმარტებით, ზოგადად, ტყავის წარმოება არის ენერგორესურსების კუთხით ძალიან ხარჯიანი საქმე, იმიტომ, რომ აქ სამღებრო პროცესები მიმდინარეობს, შრობის პროცესი მიმდინარეობს და ეს ყოველივე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
დარგის განვითარებას სხვა პრობლემებიც აფერხებს: მუშა ხელის დეფიციტი, პრობლემები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მაღალი კომუნალური გადასახადები, მოძველებული დანადგარები...
„პრობლემები გვაქვს: პირველ რიგში მუშა ხელი, დაინტერესებული პირები ნაკლები არიან, ვინც ტყავის ქარხანაში დასაქმების სურვილით არის. მეორე პრობლემა არის ის, რომ ყველა ქიმიკატი შემოდის სხვა ქვეყნიდან და საკმაოდ ძვირი ღირს. დანადგარების პრობლემაც გვაქვს, სერვისი არ არსებობს საქართველოში, რომ რომელიმე კომპანიამ, ან კერძო პირმა დანადგარი შეგირემონტოს“, - გვიყვება ლადო ჩალაური.
ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე დიდწილად თურქეთიდან იმპორტირებული ტყავი იყიდება. ქვეყანაში ნედლი ტყავის მწარმოებელი მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ტყავს მცირე რაოდენობით აწარმოებს და იმასაც, უმეტესად, საკუთარი პროდუქციის, კერძოდ ქამრების, ჩანთების, აქსესუარების, საფულეების დამზადების მიზნით იყენებს. ქართველი მეწარმეები ადგილობრივი წარმოების ტყავის უპირატესობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ადგილობრივ ტყავს განსაკუთრებული სიმტკიცე აქვს ქამრებისთვის, ჩანთებისთვის და სხვადასხვა ნაწარმისთვის, მათ შორის ფეხსაცმლის ზედაპირებისთვისაც.
თავად, ტყავის წარმოების პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ყველაფერი დოლაბების ნედლი ტყავით დატვირთვით იწყება, შემდეგ ამ ტყავის ჩალბობა, სტრუქტურის აღდგენა, ქიმიურად დამუშავა და ქრომის მარილით ფიქსაცია ხდება. ფიქსაციის შემდეგ, ტყავი დანადგარებზე ითლება, ეძლევა ქიმიკატები, საღებავები, ცხიმი... საბოლოო ეტაპზე კი, მისი შრობა, ფაქტურის მიცემა და გაზომვა მიმდინარეობს. 1 პარტია ტყავი, დაახლოებით, 15 დღის განმავლობაში მუშავდება.
და მაინც, დარგის წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. სჯერათ, რომ საქართველოს გააჩნია რესურსი, ტყავის წარმოება მაღალ დონეზე განავითაროს და ადგილობრივ ბაზარს აქ წარმოებული პროდუქცია მიაწოდოს.