ბიზნესი
25/10/2023

"ამანათების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით,10 -15%-ით გაგვეზარდა" - FedEX საქართველო

საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კერძოდ, 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული ამანათების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,  53.4%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში გამოგზავნილი  საფოსტო ამანათების რაოდენობით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ - თურქეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი და იტალია.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ FedEX-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, ნინო მენთეშაშვილი აცხადებს,  მას შემდეგ,  რაც პანდემიამ ჩაიარა, როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ ვაჭრობა მსოფლიოში სრულად აღდგა.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე, მიმდინარე წელს ამანათების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 10-15%-ით გაიზარდა. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ზამთრის სეზონთან დაკავშირებითაც. ზოგადად, სეზონურობას ამ ბიზნესზე დიდი გავლენა აქვს და ნოემბრის ბოლოდან - იანვრის შუა რიცხვებამდე პერიოდში, ამანათების რაოდენობაში მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ხოლმე, რასაც ე.წ შავ პარასკევს და შობა-ახალ წელს ვუკავშირებთ. ამ პერიოდში, ელექტრონული ვაჭრობა ორმაგად გააქტიურებულია“, - აღნიშნა  ნინო მენთეშაშვილმა.

რაც შეეხება ფასების დინამიკას, მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ამანათების მიმოცვლის ღირებულება კოვიდპანდემიის შემდეგ აღარ გაზრდილა და სტაბილური ტარიფები ნარჩუნდება.

FedEX-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ელექტრონული კომერციის განვითარების დონით საქართველო ვერ იამაყებს, შესაბამისად, ეს მიმართულება არ არის მზარდი .

"მიუხედავად ამისა, ამანათების ექსპორტის კუთხით, შედარებით აქტიურია B2B მიმართულება, ანუ ბიზნესიდან ბიზნესისკენ ამანათების ექსპორტი. საქართველოდან იგზავნება მცირე ზომის ამანათები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებისთვის, მაგალითად, ღვინო და სხვა პროდუქცია. ძირითადი საექსპორტო მიმართულებები კი ევროპის ქვეყნები, თურქეთი და ჩინეთია. საქართველოდან ამანათების გაგზავნის მაჩვენებლი მთლიანად დამოკიდებულია ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე“, - განმარტა ნინო მენთეშაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ამანათების ბიზნესი კიდევ უფრო განავითაროს. „საქართველოს თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა, რომ ერთგვარი გამტარი, ანუ სატრანზიტო ქვეყანა გახდეს რეგიონში და სხვა ქვეყნებიდან მიღებული ამანათები მეზობელ ქვეყნებს მიაწოდოს. თუმცა, ამ პოტენციალის ასათვისებლად მეტი ინვესტიციის ჩადებაა საჭირო“, - განაცხადა FedEX-ის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ 9 თვეში,  საქართველოში შვიდ-ნახევარ მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც,  2022 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული ამანათების რაოდენობა 5 მილიონამდე იყო.

Businesspartner