ბიზნესი
28/12/2020

ალტერსოქსი: 2021 წელზე დიდ იმედებს ვამყარებთ

"ალტერსოქსის" თანადამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა 2020 წელი „ბიზნესპარტნიორთან“ შეაჯამა და აღნიშნა, რომ კომპანია საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და დაძლია არსებული გამოწვევები.

„ვფიქრობ, 2020 წლის გამოწვევებს კარგად გავუმკლავდით და ყველა ის რესურსი გამოვიყენეთ რაც შესაძლებელი იყო ბიზნესის ფუნქციონირებისთვის. 100%-ით გადავწყვეთ ონლაინ ვაჭრობასა და მიტანის სერვისზე. გავააქტიურეთ სოციალური მედია არხები, ინსტაგრამი, ფეისბუქი. 24 დეკემბრიდან უკვე მაღაზიებიც გავხსენით, თუმცა რეგულაციების გამო მომხმარებელთა ნაკადი კონტროლდება და იმ რაოდენობის პროდუქცია ვერ იყიდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყიდებოდა.  კონკრტული ციფრების თქმა გამიჭირდება, თუმცა ალბათ იმის ნახევარი შედეგი დავდეთ, რაც გვინდოდა რომ 2020 წელს ყოფილიყო.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის წარმატებაა ისიც, რომ თითოეული თანამშრომელი შევინარჩუნეთ და არცერთი ფილიალი არ დაგვიკეტავს. Aletrsocks–ის მიზანია, აანაზღაუროს ის დანაკლისი, როდესაც საერთოდ გაჩერებული იყო ბიზნესი, მათ შორის ონლაინ ვაჭრობაც. 2021 წელზე დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ჩვენი განვითარება და წინსვლა გაგძელდება", - ამბობს ნინა მენთეშაშვილი.

Aletrsocks ქართული კომპანიაა, რომლიც მომხმარებელს ორიგინალურ და სახალისო წინდებს და თასმებს სთავაზობს. პანდემიიდან გამომდინარე კი კომპანიამ პირბადეებიც დაამატა. მათი უმრავლესობა მრავალჯერადი, 4-შრიანია; შიდა შრეები აქვს 100%-იანი ბამბის და დოლბანდის ქსოვილისაა. აქვს რბილი და კომფორტული ყურის რეზინები. პირბადეები შექმნილია ქართული ისტორიული ქსოვილების მიხედვით, რომლებიც გაცოცხლდა თიბისი ბანკის და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ "ალტერსოქსი" თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული გახდა კატეგორიაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

Businesspartner