ალმა: ონლაინ კაზინოებიდან გარე რეკლამაზე დაკვეთა დიდი ხანია აღარ მიგვიღია
გარე სარეკლამო ბაზრის კომპანია „ალმას“ დირექტორი გიორგი ტრაპაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მთავრობის მიერ ონლაინ კაზინოებისთვის შეზღუდვების დაწესება გარე სარეკლამო ბაზარს შემოსავლებს არ დააკარგვინებს.
მისი ინფორმაციით, გარე რეკლამის ინდუსტრიაში ონლაინ კაზინოები რეკლამას 2 წელზე მეტია აღარ აკეთებენ. ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ მათზე ამ მხრივ არ ვრცელდება საკანონმდებლო შეზღუდვა, თუმცა 2020 წლის დასაწყისიდან ეს ბიზნესი გარე სარეკლამო ბაზარზე რეკლამას აღარ აკეთებს.
შეგახსენებთ, წლების განმავლობაში გარე სარეკლამო ბაზრის ინდუსტრიაში სათამაშო ბიზნესიიდან რეკლმას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი ეჭირა.
დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადება იგეგმება, რომელსაც მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.
რაც შეეხება „ალმას“, თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება კომპანიამ 2021 წლის აგვისტოში მოიპოვა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად - 34 მლნ ლარად გაიყიდა.