აქსესუარების ბრენდი Nikolo საბავშვო ხაზის გაფართოებას გეგმავს
Nikolo ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ორიგინალურ ნაქსოვ აქსესუარებს სთავაზობს.
ბრენდის დამფუძნებლი რუსუდან ღაღანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კომპანია საბავშო ხაზის განვითარებას გეგმავს.
"თავის დროზე ბრენდის შექმნის იდეა ჩემი შვილისთვის ქუდის მოქსოვით დაიწყო და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ამ ეტაპზე, მზადების პროცესში ვართ და სულ მალე მომხმარებლებს საბავშვო ნაქსოვ ბალიშებს, პუფებს და ხალიჩებს შევთავაზებთ. ნედლეული ხშირად სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს და ამის გამო მასალა გაგვიძვირდა. ვცდილობთ შევინარჩუნოთ მისაღები ფასი და ბავშვის აქსესუარები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, არ იყოს გათვლილი მოგებაზე, არამედ გვინდა, რომ ბევრი ბავშვის გახარება შევძლოთ.
ამას გარდა, ბრენდი ორიენტირებულია ორიგინალურ, ხელით მოხატულ ნაქსოვ ჩანთებზე, რომელსაც ხელით ვქმნი. ვცდილობ, მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები და განსხვავებული დიზაინი. ალბათ ამის შედეგია, რომ პანდემიის და განსაკუთრებით პირველი ლოქდაუნის პერიოდში ჩვენს აქსესუარებზე მოთხოვნა გაიზარდა,“ – აღნიშნავს რუსუდან ღაღანიძე.
Nikolo–ს აქსესუარების შეძენა შესაძლებელია ონლაინ facebook გვერდის საშუალებით. 1 ჩანთის დამზადებას სჭირდება 2–7 დღემდე, რომლის ღირებულება 35 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.
„გვაქვს შემოთავაზებები ქართული მაღაზიებისგან, თუმცა იმის გამო რომ გვინდა ჩვენს მომხმარებელს ყველგან ერთი და იგივე ფასი დახვდეს და არა გაძვირებული, თავს ვიკავებთ თანამშრომლობისგან. ამერიკაში, ასევე ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში აქტიურად იყიდებოდა ჩვენი აქსესუარები, თუმცა პანდემიის გამო პროცესი შეფერხდა. როდესაც ყველაფერი დასტაბილურდება, ვგეგმავთ უფრო მეტი ქვყენის ბაზარზე გასვლას.
Nikolo ბაზარზე 2018 წლის ნოემბერში გამოჩნდა. გადავწყვიტე ჩემი ჰობი ბიზნესად მექცია. ვქსოვდი სხვადასხვა აქსესუარს, თუმცა საბოლოოდ მთავარ პროდუქტად იქცა ნაქსოვი ჩანთები. ამ წლების განმავლობაში გაიზარდა კონკურნეციაც, თუმცა ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც შენარჩუნებულია,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.