ახალი რეგულაციით დასაშვებ ვიზიტორთა რაოდენობა 200-მდე შემცირდა - "ოლიმპიური აუზი"
"ოლიმპიური აუზის“ მარკეტინგის მენეჯერი გვანცა ბახტაძე კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვა, რაც აუზებს შეეხო დასაშვები მომხმარებლის რაოდენობის შემცირებაა.
„ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო 9 სექტემრიდან დასაშვებ ვიზიტორთა რაოდენობა 200-მდე შემცირდა. ივლისში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (6 კვადრატულ წყლის ფართობზე 1 მომხმარებელი) შესაძლებელი იყო აუზზე 354 ვიზიტორის დაშვება. შემცირებული მომხმარებლების რაოდენობამ იმოქმედა საფასო პოლიტიკაზე და მიმდინარე სეზონზე ფასი 20%-ით გაიზარდა,“ – აღნიშნავს გვანცა ბახტაძე.
როგორც „ოლიმპიური აუზის“ წარმომადგენელი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აუზებისთვის შემუშავებული რეგულაციებიდან ყველაზე დიდ ხარჯებს წყლის დასამუშავებელი ქიმიკატები მოითხოვდა, თუმცა ოლიმპიური აუზის გასულ სეზონებზეც მსგავსი სქემით ახდენდა წყლის დამუშავებას, შესაბამისად, პანდემიის პირობებში ხარჯვითი ნაწილის ზრდა დიდად არ ყოფილა.
„გასულ წლებში ერთდროულად თუ 600-მდე მომხმარებლის მიღება შეგვეძლო, წელს ეს რიცხვი 350-მდე, 9 სექტემბრიდან კი 200-მდე შემცირდა, რამაც შემოსავლები შეამცირა. 2020 წლის სეზონზე გასაკუთრებული მარკეტინგული აქტივობები არ გვქონია, რადგან მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო აუზზე დასაშვები მომხმარებლების რაოდენობაზე, შესაბამისად, წელს შევზღუდეთ კორპორატიული პარტნიორობა და ფასდაკლების საიტებთან თანამშრომლობა, რომ მოგვეხდინა მოთხოვნის შემცირება,“ – აღნიშნავს „ოლიმპიური აუზის“ მარკეტინგის მენეჯერი.
ოლიმპიური აუზი ღია ტიპისაა, ამიტომ სეზონი სექტემბრის 20-25 რიცხვისთვის სრულდება და კომპლექსი იხურება. რაც შეეხება სპორტულ ღონიძიებებს, იმის გამო, რომ საწყალოსნო სპორტის სახეობებში ძირითადი ღონისძიებები ივნისი–ივლისის პირველ ნახევარში ტარდება და ზაფხულის ამ მონაკვეთში აუზების ფუნქციონირება ჯერ კიდევ შეზღუდული იყო, 2020 წლის სეზონის განმავლობაში ოლიმპიურ აუზზე სპორტული ღონისძიება არ ჩატარებულა.