ბიზნესი
18/11/2020

ახალი რეგულაციები თამბაქოს ინდუსტრიისთვის

თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი და აქსესუარი დახლზე და ვიტრინაზე ხილულად ობიექტის შიგნით ვეღარ გაიყიდება.

ახალი ცვლილება გაგრძელებაა იმ რეგულაციის, რომელიც "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის თანახმად ძალაში ჯერ კიდევ 2018 წელს შევიდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა ინდუსტრიას. ერთ-ერთ აკრძალვა,  თამბაქოს ნაწარმის ხილულ განლაგებას  გულისხმობდა,  თუმცა  ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა დახურულ სივრცეზე. ახალი რეგულაცია დახურულ ობიექტებზეც გავრცელდება.

რეგულაციასთან დაკავშირებით სფეროს წარმომადგენლებს შენიშვნები არ აქვთ,  თუმცა გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიზეზად ქვეყანაში გართულებულ ეპიდვითარებას ასახელებენ, რომელმაც ბიზნესს დამატებითი  პრობლემები შეუქმნა. კომპანია JTI-ს კორპორატიული დირექტორი ივა ხასია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რეგულაცია ახალი წლიდან ამოქმედდება, კონტრაქტის გაუქმება მოუწევთ როგორც სავაჭრო ქსელებთან, ასევე არაქსელურ მაღაზიებთან.

რეგულაციის გადავადებას ითხოვს რითეილ სექტორიც. "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეგულაცია 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, ეს ფინანსურ შემოსავალს შეუმცირებს რითეილ სექტორს. 

"კონტრაქტის საფუძველეზე, ინდუსტრია მაღაზიებს გარკვეულ თანხას უხდის, რათა მათი პროდუქცია თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული.  2017 წლიდან დღემდე, კომპანიებმა მაღაზიების თითქმის 50%-ს შეუწყვიტეს კონტრაქტი. რეგულაციის მეორე ნაწილის ამოქმედება ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში არ იქნება მართებული, რადგან კომპანიები  მაღაზიების თითქმის 80%-ს შეუწყვეტენ კონტრაქტს. შექმნილი ვითარება კი განსაკუთრებით დააზარალებს არაქსელურ მაღაზიებს, რომლებიც პანდემიამ ისედაც დააზარალა,“ - განაცხადა "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ ლუკა ჭელიძემ.

რეგულაციის გადავადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება  "თამბაქოს კონტროლის ალიანსი“.  ალიანსის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან“  ამბობს, რომ ინდუსტრია კორონავირუსით  მანიპულირებს და სინამდვილეში რეგულაციის გადავადებით დროის გაწელვას ცდილობს, რათა მათ უფრო მეტი ფინანსური სარგებელი ნახონ.

"პრობლემა არა რეგულაციაში, არამედ თვითონ ინდუსტრიაშია, რადგან კომპანიები თამბაქოს ნაწარმზე ფასს თვითნებურად ზრდიან და ამას პერმანენტული ხასიათი  აქვს. თითქმის ყოველ 3 თვეში, თამბაქოს ინდუსტრია, პროდუქციაზე ფასს 30-40 თეთრით ამატებს. ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საფასურად იღებს შემოსავალს,“  - ამბობს  გიორგი ბახტურიძე.

ცნობისთვის, თამბაქოს ინდუსტრიამ, რეგულაციის გადავადების თხოვნით მთავრობას უკვე მიმართა. დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობა სექტორის მოთხოვნას, ჯერჯერობით უცნობია.