ბიზნესი
22/10/2021

"აკეთი" 2022 წელს ჩაის ერთჯერად პაკეტებში გამოუშვებს

ქართული, ნატურალური გურული ჩაი “აკეთი“ წლის ბოლომდე ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა სერგო გაგუამ განუცხადა, მომავალი წლის მაისიდან ბაზარზე გამოჩნდება დამატებით 6-7 სახეობის ჩაი, მათ შორის იქნება მწვანე ჩაი და ასევე სხვადასხვა არომატით. ამ დროისთვის „აკეთი“ მხოლოდ შავი ჩაის აწარმოებს.

მისი განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილია ასევე ერთჯერად პაკეტებში რეალიზაცია, ამჟამად კი კომპანია მხოლოდ  დასაყენებელი ჩაის რეალიზაციას ახდენს.

ჩაი „აკეთის“ დაფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანიამ უკვე განახორციელა დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია.

გაგუას ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ლანჩხუთში წარმოებულ ქართულ ჩაის ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, ექსპორტზე გასვლას ვერ ახერხებს. „აკეთის“ მწარმოებელი მთავრობასაც მიმართავს და დახმარებას სთხოვს. კერძოდ, როგორც მეწარმე აცხადებს, კარგი თუ ქვეყანა მიიღებს კანონს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ კომპანიას თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა და ქართული ჯარი  ქართული პროდუქციით მოამარაგოს.

“პროდუქციის რეალიზაციის დროს საკმაოდ დიდ პრობლემებს ვაწყდებით. ჩვენ ფასში ვერ ვუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ, უხარისხო ჩაის. აზერბაიჯანიდან, ირანიდან შემოაქვთ ჩაი, ფუთავენ და ყიდიან აქ იაფად, ჩვენი ჩაი შედარებით ძვირია და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ვეღარ იყიდება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, არ არის შესაბამისი ლაბორატორია. თუ ჩაის ხარისხი გაკონტროლდება, ვფიქრობ, ეს ქართული ჩაის რეალიზაციას შეუწყობს ხელს,” - აცხადებს გაგუა.

„აკეთის“ თანადამფუძნებელი ქსელურ მარკეტებთან არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ქსელური მარკეტები იმისთვის, რომ პროდუქცია მათ დახლზე განთავსდეს გარკვეული თანხის გადახდას წინასწარ ითხოვენ, ამის საშუალება კი მცირე კომპანიებს არ აქვთ.   

„ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი არაერთ მაღაზიაში, თუმცა სამწუხაროდ, ქსელურ მარკეტებში შესვლას ვერ ვახერხებთ, მონოპოლიზებულია ყველაფერი,“ - აღნიშნავს სერგო გაგუა.

„აკეთის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჩაის რეალიზაციის გაზრდისთვის გააქტიურებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მათ შორისაა, ბაზარზე ასაწონი ჩაის შეტანა, დეგუსტაცია-გაყიდვა სკოლების ეზოებში ან მიმდებარე ტერიტორიებზე.

„აკეთი“ ბაზარზე 2 წელია რაც ფუნქციონირებს. 14 ადამიანს ასაქმებს ჩაის კრეფისთვის, ხოლო გადამუშავებას ამ ეტაპისთვის ოჯახის წევრების რესურსით ახერხებს.