ბიზნესი
17/08/2020

აკაკი გოგსაძე: "ჯონ დირის" 400 ცხენისძალიანი, 9 ტონა მოსავლის ტევადობის კომბაინი ქვეყანაში პირველებმა შემოვიყვანეთ

კომპანია "აგრომოტორსმა“ საქართველოში პირველად, მსოფლიო პრემიუმ ბრენდი "ჯონ დირის“ კომბაინი W660 შემოიყვანა, რომელიც  კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში  1 300 ჰექტარ სიმინდისა და ხორბლის მინდვრებში მოსავლის აღებას მოემსახურება.

კომპანიის დამფუძნებელი, აკაკი გოგსაძე სოფელ ვარდისუბანში ჩავიდა და ტექნიკა მის მფლობელს, ფერმერ მერაბ ნაცვლიშვილს "აგრომოტორსის“ თანამშრომლებთან ერთად პირადად ჩაუყვანა.

"თანამედორვე ტექნიკის როლი აგრო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კომბაინის ერთ-ერთი უნიკალურობა არის 400 ცხენისძალიანი სიმძლავრე, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველია. ტექნიკა დღეში 30 -35 ჰექტარ მიწაზე გაშენებულ სიმინდისა და ხორბლის მოსავალს იღებს და ერთიანად 9 ტონა მოსავლის მოთავსებაა შესაძლებელი. ფერმერმა აღნიშნული ტექნიკა სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძინა, ჩვენ კი  10 დღის ვადაში შევძელით მისი საქართველოში ტრანპორტირება," - განაცხადა აკაკი გოგსაძემ. 

მისივე თქმით, კომბაინის უნიკალურობა ეკოლოგიის კუთხითაც მნიშვნელოვანია. "ტექნიკა აღჭურვილია ჩოფერით, რომელიც დაქუცმაცებულ ნარჩენებს მოაბნევს მინდვრებში, რითაც მიწის დამუშავებისას ფერმერებს არ დასჭირდება ნარჩენების გატანა და მინდვრის გადაწვა. დაქუცმაცებული ნეშომპალას შემდეგ წელს ნიადაგისთვის  გამოიყენებენ".

კომპანია "აგრო მოტორსის" მიმართულება  არის "ჯონ დირის" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანა ქართულ ბაზარზე, რასაც უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს.  კომპანიას აქვს მრავალფეროვანი არჩევანი - ეს იქნება ახალი ტრაქტორები, სხვადასხვა სახის ახალი აგრეგატი, ფერმის აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის საჭირო ნაწილები. 

"ჯონ დირის" უნიკალურობა  ხარისხი და ინოვაცია, რითაც კომპანია საუკუნეზე მეტია წამყვან პოზიციებს არ თმობს მსოფლიო მასშტაბით.