Airbnb-ის ბინებზე მოთხოვნა მზარდია
Airbnb-ის ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა.
როგორც WeHost-ის თანადამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში აცხადებს, ბოლო 4 თვეა 90%-იანი დატვირთვაა.
"რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, პირველი სამი კვირა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, გაიზარდა ფასები და დატვირთულობაც. უბრალოდ, ის ხალხი, ვინც პირველ ეტაპზე ჩამოვიდა, გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ზრდა მხოლოდ ამ მოცემულობასთანაა კავშირში. ჩვენი სექტორი წინა წლიდან ნელ-ნელა ვითარდებოდა. პანდემიის დროს პატარა სასტუმროებზე ნდობა დაიკარგა, უსაფრთხოების კუთხით ხალხი მაინც ბინებს არჩევდა და ამანაც ხელი შეუწყო. კიდევ ერთი ფაქტორი - გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, ზოგადად ტურიზმი მსოფლიოში გაძვირდა, საქართველო ევროპელებისთვის ცოტა ბიუჯეტურ ქვეყნად რჩება. ამ ფაქტორებმა ერთობლიობაში ჩემი აზრით გამოწივია ის შედეგები, რაც ახლა გვაქვს და 2019 წლის მაჩვენებელს გადავასწარით", - აღნიშნა ნიკა ანჯაფარიძემ.
მისი თქმით, ყველაზე ხშირად რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისგან იჯავშნება.
"ასევე გვყავს ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან", - აცხადებს ნიკა ანჯაფარიძე.
WeHost-ი Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელიც მეპატრონეებს Airbnb მენეჯმენტში, ანუ ტურისტებზე ბინის დღიურად გაქირავებაში ეხმარება. WeHost-ის სერვისი გულისხმობს ბინის მართვას, სტუმრების მისაღებად მომზადებას, დალაგებას, სტუმრებთან კომუნიკაციას, ფასების ყოველდღიურ ოპტიმიზაციას.