აგროსფეისი: ქართული მარწყვი ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება
ადგილობრივ ბაზარზე არსებული გამოწვევების გამო, საქართველოში წარმოებული მარწყვი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს. შესაბამისად, პროდუქცია თითქმის სრულად ექსპორტზე გადის.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „აგროსფეისის” თანადამფუძნებელი ნუცა სალუქვაძე აცხადებს, ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული პრობლემები,კადრების ქვეყნიდან გადინებას უკავშირდება/ პრობლემაა მაღალი კომუნალური გადასახადები და შესაბამისი ცოდნის დეფიციტი.
„მარწყვის წარმოება საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება, რაც შემდეგ პროდუქტის ჩასაბარებელ ფასს ზრდის და ადგილობრივ ბაზარზე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ მარწყვთან კონკურენციას შეუძლებელს ხდის. სწორედ ამიტომ, საქართველოში წარმოებული მარწყვი ექსპორტზე გადის და ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ, მცირე რაოდენობით რჩება“, - ამბობს ნუცა სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, უცხოურ ბაზრებზე ქართული მარწყვი ფასითაც და ხარისხითაც კონკურენტუნარიანია, ამიტომ, ბიზნესსექტორისთვის მისი ექსპორტზე გატანა ბევრად მომგებიანი.
მიუხედავად ამისა, ნუცა სალუქვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს მარწყვის წარმოების კუთხით და ეს დარგი მომგებიანია.
„საქართველოში მარწყვის წარმოებით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი იზრდება. ბოლო 3-4 წელია, რაც ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული წარმოების მარწვი გამოჩნდა. ჩვენს კომპანიასაც, წელიწადში 90 ტონამდე მარწყვი მოჰყავს, რაც ცოტა არ არის. თუმცა, სრულად ქართულ ბაზარს ვერ ვფარავთ და ვერ მოვიცავთ. ამიტომ, საჭიროა ამ დარგზე მორგებული პროგრამები.
მაგალითად, განათება, გათბობა ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, რაც ჩვენი დარგისთვის გამოწვევაა. ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება მხოლოდ სარწყავ სისტემებს ფარავს. ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ სარწყავი სისტემები გვაქვს, ამიტომ ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია სამაცივრე მეურნეობა, მზის ელემენტები, რომ შეგვიმცირდეს გადასახადები. ამიტომ, სხვადასხვა კომპანიის, სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებაა საჭირო“,- აცხადებს „აგროსფეისის“ თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს დაიწყო. სათბური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში მდებარეობს.