ბიზნესი
08/07/2022

"აგრიაპი" თაფლის არყის წარმოებას 2023 წლისთვის გეგმავს

თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპი“ თაფლის არყის წარმოებას 2023 წლისთვის გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი დავით ალექსიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროდუქტის გამოშვება მიმდინარე წელს იყო დაანონსებული, თუმცა,გამომდინარე იქიდან, რომ თაფლის არყის ძირითადი მომხმარებელი უფრო ტურისტები იქნებიან, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროდუქტი მას შემდეგ გამოუშვას, რაც ქვეყანაში ტურიზმი სრულად აღდგება.

როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“ მეფუტკრეობის სუფთა და ბუნებრივ პროდუქტებს იბარებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე თანამშრომლობს ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობასთანაც.

„აგრიაპის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია პროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც HoReCa სექტორში (როგორც წონით, ისე პორციული, 10 გრამიანი შეფუთვებით), ისე რითეილ სექტორში (პორციული ფორმით, ასევე ქილებში)

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.

Businesspartner