აგრიაპი: იმპორტირებულ პორციულ თაფლს კონკურენციას ვუწევთ
თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპი“ უახლოეს მომავალში ბაზარზე პორციულ თაფლს ახალი შეფუთვით გამოიტანს.
კომპანიის დამფუძნებელი დავით ალექსიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ უკვე შეისყიდა ახალი დანადგარები, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა სახის პორციული შეფუთით პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. დაგეგმილია თაფლის 20 გრამიანი შეფუთვით წარმოება.
მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია უკვე აწარმოებს პორციულ თაფლს 10 გრამიანი შეფუთით, რომელსაც ყიდის როგორც HoReCa, ისე რითეილ სექტორში.
„პორციული თაფლის წარმოების იდეა ჩვენ გვეკუთნის. ჩვენ ვიყავით პირველი ქართული კომპანია, რომელმაც თაფლი პორციულ შეფუთვებში გამოუშა. სანამ ჩვენ ბაზარზე შემოვიდოდით, სასტუმროების 90% იმპორტირებულს მოიხმარდა. იყენებდნენ ხშირ შემთხვევაში თურქულს და ხშირ შემთხვევაში ეს თაფლიც არ იყო, იყო თაფლისებრი მასა. ინსპირაციაც აქედან წამოვიდა და ჩავთვალეთ, რომ ამ სეგმენტის ათვისებას შევძლებდით. ამ გადმოსახედიდან გარკვეულწილად შევძელით და იმპორტირებულს კონკურენცია გავუწიეთ.
10 გრამიანი შეფუთვის ჩვენი ფასი 25 თეთრია. პროდუქტით უკვე დაინტერესდა რითეილ სექტორი, მათ შორის, შევიტანეთ სააფთიაქო ქსელ „პეესპეშიც“, მოლაპარაკებები გვაქვს „ავერსთანაც". ვფიქრობ, ამ მიმართულებით გავფართოვდებით,“ - აცხადებს ალექსიძე.
შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი და საცალო ვაჭრობის ქსელში იყიდება.