"აგრიაპი" 2 თვეში კრემ-თაფლის წარმოებას გეგმავს
თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპი“ 2 თვეში კრემ - თაფლის წარმოებას გეგმავს.კომპანიის დამფუძნებელი დავით ალექსიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროდუქტის მიღება თაფლის გადამუშავების შედეგად მოხდება.
„ძალიან პოპულარული პროდუქტია, პასტის კონსისტენციის იქნება და მისი რეალიზაცია რითეილ სექტორში აქტიურად მოხდება,“-აცხადებს ალექსიძე.
მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დროისთვის 15-მდე ფერმერთან თანამშრომლობს, რომლისგანაც ნატურალურ თაფლს იბარებს და შემდეგ აფასოებს.
როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“ მეფუტკრეობის სუფთა და ბუნებრივ პროდუქტებს იბარებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე თანამშრომლობს ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობასთანაც.
„აგრიაპის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია პროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც HoReCa სექტორში (როგორც წონით, ისე პორციული, 10 გრამიანი შეფუთვებით), ისე რითეილ სექტორში (პორციული ფორმით, ასევე ქილებში)
შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.