აგერარი: ფასების დაახლოებით 20%-იანი ზრდა მოგვიწია
ლუდის რესტორანს "აგერარი“ ფასების მომატება მოუწია.
როგორც რესტორნის დამფუძნებელმა ალექსანდრე მშვილდაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის მომატებული.
ფასების მატების ძირითადი მიზეზი კი, მისი განმარტებით, პროდუქტების გაძვირებული ღირებულება და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თანამშრომლებისათვის მომატებული ხელფასი გახდა.
"პანდემიის პერიოდში, იმისათვის რომ რესტორანიც და კადრებიც შეგვენარჩუნებინა, მიტანის სერვისი დავამატეთ, რომელსაც დღემდე აქტიურად ვამუშავებთ," - აცხადებს მშვილდაძე.
როგორც რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, „აგერარიზე“ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილია.
ცნობისთვის, ლუდის რესტორანი „აგერარი“ ქუთაისში მდებარეობს და ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ სამზარეულოს, ე.წ. "სახლური“ რეცეპტებით სთავაზობს.