ბიზნესი
28/03/2022

აფთიაქების ნაწილში თურქეთიდან იმპორტირებული,იაფფასიანი მედიკამენტების დეფიციტია

აფთიაქების ნაწილში თურქეთიდან იმპორტირებული, იაფფასიანი მედიკამენტების დეფიციტია.

როგორც jandacva.ge-სთან მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ სხვადასხვა მედიკამენტის შეძენას ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე ეს წამლები ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი, გაიაფებული მედიკამენტების სიაშია.

დეფიციტის ფაქტს ადასტურებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პრობლემა ხელოვნური არაა და ფარმაცევტული კომპანიების ცუდ მუშაობას არ უკავშირდება. მარგველაშვილის განმარტებით, დეფიციტის მიზეზი თავად თურქეთის ბაზარზე არსებული მედიკამენტების ლიმიტირებული რაოდენობაა.

მისი თქმით, ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი არ იქნება, რადგან წამლების შემოტანა ჩვეულებრივი არხებითაც გრძელდება, თუმცა, როდესაც საუბარია თურქეთიდან შემოსულ, გაიაფებულ მედიკამენტებზე, გარანტია, რომ ყველა აფთიაქში ან აფთიაქების უმეტესობაში ეს მედიკამენტები უწყვეტად იქნება ხელმისაწვდომი, არ არსებობს.

„ასეთი გარანტია ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მედიკამენტების იმ რაოდენობას, რომელიც საქართველოს სჭირდება, თურქული ბაზარი ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს. ის მოცულობა, რაც თურქეთშია მიმოქცევაში, წამლების მწარმოებლებმა დაგეგმეს თურქული ბაზრისთვის, და რაც ზედმეტობაა, ჩვენ იმას ვიღებთ. ანუ მედიკამენტების ნაწილი, როგორც ახლაა, იქნება, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ყველა აფთიაქში იქნება ამ ფასად, არ უნდა გვქონდეს,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ასოციაცია ძალიან აფასებს სამინისტროს მცდელობებს, რომ მედიკამენტზე ფასი დაიწიოს, მაგრამ ასეთ პოროცესებს ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკები და პრობლემები. ერთერთი ასეთი პრობლემა კი საკმარისი რაოდენობის მედიკამენტების უზრუნველყოფა.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, მათ ბევრი აღშფოთებული მოქალაქე უკავშირდება და ამბობს, რომ კონკრეტულ აფთიაქს იაფი წამალი არ აქვს.

„სააფთიაქო ქსელებს საკმარისი მედიკამენტები არ აქვთ – ფიზიკურად ვერ შოულობენ იმ რაოდენობას თურქეთში, რადგან მწარმოებელს გარკვეულ რაოდენობაზე მეტი მედიკამენტის გამოშვება არ ჰქონდა დაგეგმილი. თურქეთის ქარხნებმა შესაძლოა უზრუნველყონ საჭირო რაოდენობის წამლების წარმოება, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თურქულ მწარმოებლებზე – ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მწარმოებლებზე, რომლებმაც თურქეთში წამლები შეიტანეს ნაკლებ ფასად და სწორედ ამ წამლებიდან გვინდა ჩვენ მედიკამენტების ჩვენ ბაზარზე შემოტანა,“- განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.

მისივე თქმით, თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების გამარტივებული წესით შემოტანა ვერ ჩაანაცვლებს რეგულარულ მოწოდებას. იმისთვის კი, რომ ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც შეხვდება, უნდა გატარდეს სხვა რეფორმებიც. პირველი –  ესაა ელექტრონული რეცეპტი იმპლემენტაცია, რისკენაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

მარგველაშვილის განმარტებით, მედიკამენტზე დანახარჯის ერთერთი მთავარი მიზეზი არის არასწორად და ჭარბად დანიშნული წამლები, რაც ადამიანის არა მხოლოდ ჯიბეს, არამედ ჯანმრთელობასაც აზიანებს.

„ჩვენი მიზანია, მედიკამენტი არა მხოლოდ გავაიაფოთ, არამედ ნაკლები წამალი დასჭირდეს ადამიანს და რასაც შეიძენს, ის მას აუცილებლად სჭირდებოდეს. ამის მისაღწევად აუცილებელია, გავზარდოთ ექიმების განათლების დონე და მეორეს მხრივ, დავალაგოთ ურთიერთობა ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიასა და ჯანდაცვის მუშაკებს შორის, რათა შევამციროთ ექიმის ფინანსური დაინტერესება, რის გამოც ის ბევრ წამალს წერს. დანახარჯების 25%-ის მიზეზი სწორედ ესაა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ფასნამატის რეგულაცია. ძალიან აქტიური კამპანია დაიწყო ჯენერიკების მიმართულებით, მაგრამ აუცილებელია ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ ჯენერიკების ხარისხში. ეს ყველაფერი გაზრდის კონკურენციას და შესაბამისად, ფასებს შეამცირებს. ასე რომ, მედიკამენტების გაიაფება აბსოლუტურად რეალურია.“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთიდან მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მოხმარებადი 50-მდე მედიკამენტი უკვე გაიაფდა. წლის ბოლომდე ამ რაოდენობის 200-მდე გაზრდა იგეგმება. ფასები 35-დან 75%-მდე შემცირდა.

jandacva.ge