
აფბა საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე მსჯელობის გაგრძელებას ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ითხოვს
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილოს „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესი და უმოკლეს დროში მიიღოს გადაწყვეტილება მისი შემდგომი საქმიანობის შესახებ“, – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გავრცელდა. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენი ორგანიზაცია იყო ინიციატორი საკითხისა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის გაჭიანურებული პროცესი მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.
სასიხარულოა, რომ აფბას ამ ინიციატივას მოჰყვა საკმაოდ აქტიური გამოხმაურება, როგორც ექსპერტთა და ანალიტიკოსთა წრიდან, ისე საკუთრივ ფონდის მენეჯმენტის მხრიდან. მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგა მსჯელობა და რეალურად გაიხსნა ღია დისკუსია საკითხთან დაკავშირებით.
დღესდღეობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის და მისი ქმედითი ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობაზე თანხმდება ყველა. ეს აზრი აქვს საქართველოს მთავრობას, ფონდის მენეჯმენტი საერთოდაც რამდენიმე წლის წინ გამოდიოდა აღნიშნული ინიციატივით, იგივე პოზიციას იზიარებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციები.
გამოიკვეთა, გადასაწყვეტ საკითხთა სპექტრი, რომელთა თაობაზეც სწრაფმა და ეფექტიანმა გადაწყვეტილებებმაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ფონდის პოტენციალის სრული მასშტაბით ამოქმედებამდე.
კერძოდ:
- გადასაწყვეტია ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ფორმატი. ანუ, უნდა დარჩნენ თუ არა მის სამეთვალყურეო საბჭოში საქართველოს მთავრობის წევრები, თუ ფონდი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც სუვერენული საფინანსო ინსტიტუტი.
- კონცეპტუალურად გადასაწყვეტია ასევე, უნდა დარჩეს თუ არა შვილობილი კომპანიები ფონდის შემადგენლობაში, მის აქტივებში. ამ კონტექსტმა უნდა განსაზღვროს, თავის მხრივ, შემდგომ ფონდის როგორც დაფინანსების წყაროები (ეს უნდა იყოს მისი საკუთარი შემოსავლები განხორციელებული პროექტებიდან, თუ იგი უნდა გადავიდეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე), ისე ზოგადად მისი მანდატი.
- გადასაწყვეტია, თუ როგორ, რა ფორმით, რა ფორმატით და რა გრაფიკით, მოხდება ფონდის მიერ გაწეული იმ დანახარჯის დაბრუნება, რაც მან მთავრობის უშუალო და ოფიციალური დავალებით გასწია უკვე განხორციელებულ პროექტებში. ან მოხდება თუ არა ეს საერთოდ. ჯამში ასეთი დაბანდების მოცულობა 563 მლნ აშშ დოლარია.
- განსასაზღვრია ფონდის შემდგომი საქმიანობის პრიორიტეტები. იქნება ეს მაღალტექნოლოგიურ და ექსპორტზე ორიენტირებულ პროექტებზე დაკონცენტრირება და ბიზნესის რისკის გაზიარება (განსაკუთრებით რეგიონებში), თუ კიდევ სხვა მიმართულებები.
ეს არის ის ძირითადი პრინციპული საკითხები, რომლებზე გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ ოპერატიულ რეჟიმში უნდა მიიღოს, რადგან 2018 წლის შემდგომ, ფაქტობრივად გაჩერებულმა ფონდმა რეფორმირების შედეგად ახალი განვითარება იპოვოს და გაუჩნდეს გაცილებით მეტი საშუალება ინვესტიციის მოსაზიდად, ვიდრე ეს მას აქამდე ჰქონია.
ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი, მიგვაჩნია, რომ უკვე მიღწეულია. ეს არის ის, რომ ფონდის რეფორმირების თაობაზე მსჯელობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალობის თამასა, საკითხთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მაღლა ასწიოს და მსჯელობა გაგრძელდეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ოფიციალურ დონეზე მოსმენილ იქნას, როგორც ფონდის მენეჯმენტის მოსაზრებები, ისე თემით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ ცალკეული ანალიტიკოსების ხედვები“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.