ბიზნესი
10/08/2020

ადვოკატი ღვინის ბიზნესში - ზვიად კორძაძის "ბარბალეს მარანი" ძველ თბილისში გაიხსნება

ადვოკატი ღვინის ბიზნესში - ზვიად კორძაძე მალე საკუთარ ღვინოებს სარეალიზაციოდ გამოიტანს.

ცნობილი ადვოკატის ღვინოები ბრენდით "ბარბალეს მარანი" გაიყიდება, ამავდროულად ძველ თბილისში ამავე სახელწოდების ღვინის სადეგუსტაციო სივრცეს სექტემბერში გახსნის.

რაც შეეხება სახელწოდებას, როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ზვიად კორძაძე აცხადებს, ბარბალე ნაყოფიერების ქალღმერთია ქართულ მითოლოგიაში, ამავდროულად წინაქრისტიანული ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია, ბარბალედან მოდის ბარბარობაც, ბორბალიც, ბორჯღალიც, მზის სიმბოლოც... 

"ბარბალეს მარნის" ღვინოები გამორჩეული იქნება. ზვიად კორძაძე ამბობს, რომ წარმოება დიდი არ იქნება, გაიზრდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად და ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვებას შეეცდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით დამზადებულია 3 000 ბოთლი ღვინო, გარდა ამისა, ამდენივე მზად უკვე ერთ წელში იქნება. ზვიად კორძაძე ამაყობს ოცხანურით. 

"ბოლო 2 ათეული წელია ღვინის წარმოება ჰობია, წარმოების დაწყება გადაწყდა მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ იმ რაოდენობის ღვინის საჭიროება არ მქონდა. თანაც ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს, ვატარებდი და ვატარებ ექსპერიმენტებს, უცხოური ჯიშის ყურძენს ვწურავდი. ციცქა ცოლიკაური ოცხანურის ჭაჭაზე დავაყენე, ოცხანური-საფერე არის ძალიან ძველი, დაუფასებელი იმერული ღვინო და მას საქართველოში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, კარგად შეეგუა ქვევრსაც, შემდეგ ბოთლებშიც ჩამოვასხი. წარმოების პროცესში არ ვიყენებ ქიმიურ პროცესს", - აცხადებს კორძაძე.

"ბარბალეს მარნის" ღვინოები სუპერმარკეტებში არ გაიყიდება, ის უფრო ღვინის ბუტიკურ მაღაზიებში იქნება წარდგენილი.

ზვიად კორძაძეს მარანი შინდისში აქვს, იყიდა ქვევრებიც. როგორც ცნობილი ადვოკატი ამბობს, ხშირად არ გვჯერა რასაც სახელმწიფო გვთავაზობს და ცდა ნამდვილად ღირს. 

"იაფი კრეფიტის ფარგლებში ბანკს მივმართე და 30000 ლარით დამაფინანსეს. 15%-იანი სესხიდან 11%-ს სახელმწიფო აფინანსებს და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 4%-ის, ანუ 600 ლარის გადახდა მიწევს. ზოგჯერ უნდა ვცადოთ, უნდა მოვსინჯოთ" - ამბობს კორძაძე.

 რაც შეეხება მევენახეობას, ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ მევენახეობა და მეღვინეობა სხვადასხა საქმეა, ამიტომ ის მეღვინეობით შემოიფარგლება, თუმცა პატარა საკუთარი ვენახიც აქვს.

 

Businesspartner