"ადრე თუ ბონუსი ითვლებოდა მოტივაციად, ახლა ბევრად მეტია საჭირო ადამიანის დასაინტერესებლად"
HR Hub-ის დამფუძნებელი ანა გზირიშვილი ამბობს, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და კომპანიებში სიტუაცია უკვე განსხვავებულია.
"პანდემიამ ყველა სფერო გადააფასა და რაღაცეებზე დაგვაფიქრა. განსაკუთრებით ეიჩარები, იმიტომ, რომ მათ ზურგზე გადაიარა და დიდი გამოწვევა დააწვა მხრებზე. შეიცვალა ბევრი რამ, მაგალითად ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, რომელიც აქამდე არ ყოფილა, ძალიან ბევრ კომპანიაში დაინერგა. როდესაც პანდემია დამთავრდა, არის კომპანიები, სადაც თანამშორმლები თვითონ ირჩევენ რამდენი დრო გაატარონ სამსახურში, რამდენ ხანს იმუშაონ სახლიდან ან სრულიად სხვა ქვეყნიდან. თვითონ სამუშაოს მაძიებლების დამოკიდებულებებიც შეიცვალა. კომპანიები რომლებიც შემოვიდნენ და აწვდიან მომსახურებას კურიერული მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე აქ წავიდა, თუნდაც სასტუმროს სფეროდან. ამ ეტაპზე კი, სასტუმროში კადრებზე დიდი მოთხოვნაა. ჩემი აზრით ცოტა ხანში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ადრე თუ ბონუსი ითვლებოდა კარგ ტონად და ეს იყო მოტივაცია, ახლა მგონია, ეს საკმარისი არ არის და ბევრად მეტია საჭირო, იმისთვის, რომ ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენთან მუშაობით", - განაცხადა ანა გზირიშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში.