ბიზნესი
09/03/2023

ADB: საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემა განვითარებას საჭიროებს

ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობის ეკოსისტემა საქართველოში განვითარებას იწყებს, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს ზრდას, დახვეწასა და ადაპტირებას — ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.  

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ჭარბობს ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის სტარტაპები, ხოლო მაღალი განვითარების ზეგავლენის მქონე სტარტაპები განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით უფრო ნელა ვითარდება,- წერია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში „საქართველოს განვითარებადი ეკოსისტემა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.“

"აღნიშნული ოთხი დარგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქვთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა და კლიმატის ცვლილების შერბილებაში. როგორც წესი ასეთი სტარტაპები ნაკლებ ყურადღებასა და ინვესტიციას იზიდავენ მრავალი მიზეზის გამო. ისინი ხშირად ინვესტორებს სერვისების ნაცვლად პროდუქტებს სთავაზობენ, რაც წარმოებას და წარმოების მაღალ შესაძლებლობებს მოითხოვს. ამასთან, პროდუქტის განვითარება დროსა და სპეციალურ ექსპერტიზას მოითხოვს, მაშინ როცა ვენჩურული კაპიტალდაბანდება პროექტის მომწიფების მცირე დროისა და შემოსავლის სწრაფად მიღების გზებით არის დაინტერესებული,"-აღნიშნულია კვლევაში. 

დოკუმენტის მიხედვით, სტარტაპების დაფინანსება საქართველოში ჩანასახის მდგომარეობაშია. სახელმწიფო პროგრამები გასცემს გრანტებს, რაც დასაწყისისთვის სტარტაპების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა სტარტაპის ზრდასთან ერთად საჭიროა კაპიტალდაბანდების მოძიება. მეცენატი ინვესტორები არსებობენ, მაგრამ დაფინანსებული პროექტების რიცხვი შეზღუდულია. ვენჩურული კაპიტალდაბანდება განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება.  

სტარტაპების არაფინანსური ხელშეწყობაც განვითარების ეტაპზეა. საგრანტო პროგრამის გარდა, მთავრობა სტარტაპებს სთავაზობს ციფრულ გადამზადებას და ინფრასტრუქტურას (მაგ. ტექნოლოგიური პარკები.) ახალბედა მეწარმეებსა და სტარტაპებს დახმარებას სთავაზობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიებიც. ქვეყანაში შეიქმნა ვირტუალური ეკონომიკური ზონა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მეწარმეებს ნულოვანი კორპორატიული (მოგების) ან დამატებითი ღირებულების გადასახადით უზრუნველყოფს. ასევე  განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ ტექნოლოგიური კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო კლიენტებისთვის მუშაობენ. თუმცა, ასეთ საშუალებებს სტარტაპები უმეტესად არ იყენებენ. 

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში დაარსებულმა სტარტაპებმა ნამდვილი ინოვაციების შექმნაზე უნდა იმუშაონ.

“უნდა გაძლიერდეს ახალი ტექნოლოგიების კვლევა და განვითარება, რათა სტარტაპებმა შეძლონ ახალი იდეების კომერციალიზაცია,” განაცხადა პოლ ვანდენბერგმა, ADB-ის უფროსმა ეკონომისტმა და ანგარიშის თანაავტორმა. მისივე ინფორმაციით, ასევე საჭიროა სტარტაპებმა ჩაატარონ ბაზრის კვლევა, რათა იცოდნენ რა პროდუქტსა თუ სერვისზეა მოსალოდნელი მოთხოვნა.

შეგახსენებთ, ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.