ბიზნესი
24/05/2022

Adani Group-ი საქართველოში სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით ინტერესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს.

პრემიერ-მინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია. შეხვედრა მთავრობის მეთაურის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. Adan Group მრავალეროვნული კონგლომერატია და მისი საქმიანობა მოიცავს პორტების მართვას, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებას, სამთომოპოვების, აეროპორტების ოპერირების და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს.

Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს.